ბიზნესი
05/01/2021

პარლამენტმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ორი კანონპროექტის განხილვას მიუბრუნდა. 

საქმე ეხება მარიამჯვარის დაცული ტერიტორიების შექმნისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტებს. ორივე მათგანის განხილვა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კანონპროექტები დიდ წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ტყის რესურსების შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე, იქმნება გარემოსდაცვითი ფონდი.

"ეს არის მარიამჯვარის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია, კერძოდ, კახეთის რეგიონში ტყეზე ზეწოლის შემცირების კუთხით, იქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს რეგიონის ტურიზმის პოტენციალის განვითარების და ტყის რესურსის შენარჩუნების თვალსაზრისით. მეორე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტია, რომელიც მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და თითოეულ რეგიონში საწარმოო პროცესის დარეგულირებისთვის. ეს კანონპროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითოეულ საწარმოს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საშუალება მივცეთ, მოვთხოვოთ, დავუწესოთ გეგმა-გრაფიკი და ასევე, გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ნებისმიერი დიდი ზემოქმედებისთვის კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ გადაიხადონ გარკვეული კომპენსაცია, რომლისთვისაც კანონპროექტით იქმნება სპეციალური გარემოსდაცვითი ფონდი. სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ამგვარ ევროპული ტიპის და ევროპული სტანდარტის გარემოსდაცვით ფონდს შექმნის“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

Businesspartner