ბიზნესი
18/02/2021
ავტორი: Business Partner

პრემიერი წავიდა, პრემიერი მოდის

პრემიერი გადადგა, რამდენიმე საათში კი მმართველმა გუნდმა პრემიერის ახალი კანდიდატურა უკვე დაასახელა. 

პრემიერ გახარიას ყოფილი პრემირი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

გიორგი გახარიამ თანამდებობა დანიშვნიდან ზუსტად 529 დღეში დატოვა. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუჩერდა მთავრობის ყველა წევრს და ისინი მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ. 

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის პრემიერის პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა.

გახარიას გადაწყვეტილებას პრემიერის პოსტზე მის საქმიანობას ბიზნესი არაერთგვაროვნად აფასებს, ზოგიერთისთვის ის ძლიერი პრემიერი და ბიზნესის მხარდამჭერი იყო, ზოგისთვის კი პირიქით.

თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პრემიერების სწრაფ ცვლილებას დადებითად ცოტა ვინმე თუ აფასებს. "ქართული ოცნებამ" მმართველობის 9-წლის განმავლობაში 5 პრემიერის შეცვლა მოასწრო. 

„ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობის ნაცვლად ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შედის ჩიხში. მისი თქმით, ეს გარემოება მხოლოდ პრობლემას უქმნის ისედაც ცუდ დღეში მყოფ ეკონომიკას.

„გიორგი გახარიას შეფასებებისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე. მას ახლა უნდა გამოევლინა თავი,“ - განმარტა ნინა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალ პრემიერს ექნება ორი ძირითადი გამოწვევა. ერთი, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს ქვეყანა ვაქცინით, დაასრულოს კოვიდ პანდემია და მეორე აღადგინოს ეკონომიკა და დააბრუნოს პანდემიამდელ ვითარებაში.

„დიოს“ მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მთავრობის ახლა უკვე ყოფილი მეთაურის შეხედულებები ეკონომიკის განვითარებაზე ხშირად ბიზნესის ინტერესებს ემთხვეოდა.  

„ის უფრო ახლოს იყო ეკონომიკასთან და ბიზნესთან. ყოველთვის მიაჩნდა, რომ ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია. ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით მისი შეხედულებები ბევრ შემთხვევაში ბიზნესისთვის მისაღები იყო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პოლიტიკით გადაიფარა. ბევრი რაღაც შეიძლება გაამართლო პანდემიით, მაგრამ ვერ გაამართლებ პოლიტიკურ კინკლაობასა და შეუთანხმებლობას“,- ამბობს ბიზნესმენი.  

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაიას მტკიცებით, შექმნილი ვითარება პირველ რიგში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უქმნის საფრთხეს და ეს როგორც ოპოზიციამ ასევე მმართველმა გუნდმა კარგად უნდა გაიაზროს.

PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება არის კრიტიკულ მდგომარეობაში, ამიტომ ახალი მთავრობა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იქნება.

გიორგი ხიშტოვანი ყოფილი პრემიერის ეკონომიკურ პოლიტიკასაც აფასებს და ამბობს, რომ გახარიას პერიოდი დიდწილად კორონა კრიზისს დაემთხვა, რაც შეფასებების გაკეთებას ართულებს. "პრემიერმა პოსტი შუა კრიზისში დატოვა, ეს მისი როგორც კრიზისმენეჯმენტის შეფასებასაც ართულებს."

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის განსამუხტად ყველაზე კარგი გზა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჭუმბურიძე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც ირაკლი ღარიბაშვილის და არც სხვა პირის მოსვლა იქნება შედეგიანი.

„ის, რაც მოხდა ქვეყანას უმძიმეს ვითარებაში აყენებს. პრემიერის დღევანდელი გადადგომა კიდევ ერთი ნიშანია, რომ სახელისუფლებო გუნდი და მთავრობა კრიზისშია. ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ყველაზე კარგი საშუალება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ის, რომ პრემიერი შეიცვალოს და ერთი ადამიანით შეცვალო მეორე, რას მოიტანს? ამაზე კომენტარს ვერ და არ გავაკეთებ. უბრალოდ, უნდა ვნახოთ, რა იქნება“,- განაცხადა ჭუმბურიძემ.

 

Businesspartner