ბიზნესი
27/09/2022

რა იცვლება სახელმწიფო შესყიდვებში - ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება

2025 წლისთვის საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს და მისი მიღების შედეგად საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვის, საჯარო შესყიდვებში მონაწილე ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის ზრდის, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მოლოდინია.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, კანონის ამოქმედების შემდეგ მინიმუმამდე შემცირდება საჯარო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა.

„2013 წელს საჯარო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების წილი 51% იყო. ეტაპობრივად ევროპული რეგულაციების შესაბამისად, ეს რაოდენობა მცირდებოდა და დღეისათვის მთლიან შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების წილი 12%-ს შეადგენს. თუმცა საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ ეს რაოდენობა 10%-ს უნდა ჩამოსცდეს,“ - აღნიშნა ლევან რაზმაძემ.

ამასთან, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განმარტავენ, მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ის რომ იქნება დიფერენცირებული მიდგომა შავ სიაში შემავალ კომპანიებთან დაკავშირებით. თუკი კომპანია კორუფციულ ან სხვა ტიპის მძიმე რეზონანსულ დანაშაულშია შემჩნეული ის სამ წლამდე ვადით მოხვდება შავ სიაში, ხოლო თუ კომპანიას აქვს გარკვეული ტიპის შეუსრულებელი ვალდებულებები ის ერთი წლის განმავლობაში იქბება შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.

საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე არსებული საჯარო შესყიდვების ტრილიონიანი ბაზარი სრულად გაიხსნება.

„დღეისათვის როგორც იცით ქართულ კომპანიებს აქვთ უფლება ევროკავშირის ბაზარზე საჯარო შესყიდვებში მხოლოდ საქონლის მიწოდების ნაწილში მიიღონ მონაწილეობა. ამ კანონის მიღების შემდეგ სხვა ტიპის შესყიდვებშიც ექნებათ მონაწილეობის უფლება მათ შორის მომსახურების ნაწილშიც,“ - აღნიშნა ლევან რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეისათვის საქართველოში საჯარო შესყიდვებში აქტიური ბიზნესის 25% მეტ-ნაკლები სიხშირით იღებს მონაწილეობას.

Businesspartner