ბიზნესი
22/09/2022

რა პრობლემებს აწყდებიან ქართველი ფერმერები ხორბლის წარმოებისას

უკვე წლებია, საქართველოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. ადგილობრივი ფერმერები ხორბალს არ აწარმოებენ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება პურის ფასზეც. თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოში ხორბლის მაგივრად მხოლოდ ფქვილი გაყიდოს, ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება და პურის ფასიც საგრძნობლად მოიმატებს. მიზეზი ისაა, რომ ხორბლის შენახვა საკმაოდ დიდი ხნითაა შესაძლებელი, ფქვილი კი ერთ თვეში ფუჭდება.

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ხორბალი აწარმოოს, თუმცა თანამედროვე ფერმერებს სამი ძირითადი პრობლემა აქვთ: ნიადაგი, ხარისხიანი თესლი და აგროტექნიკა.

ნიადაგი

თუკი საქართველოში ვინმე ხორბალს აწარმოებს, ეს, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთში ხდება. ერთ-ერთი ასეთი რეგიონი შირაქის ველია. თუმცა, ამ რეგიონში გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, ანუ, პლატოზე, ფაქტობრივად წყალი არ არის. ხდება ნიადაგის ეროზია და ქარი ნიადაგის ზედა, ნაყოფიერ ფენას მთლიანად ხსნის. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ქარსაცავი ზოლების არ არსებობაა. თუმცა, დიდ როლს თამაშობს კლიმატური ცვლილებებიც.

ხარისხიანი თესლი

ნაყოფის პროდუქტიულობაში 50% თესლის ხარისხზე მოდის. იმის გამო, რომ ფერმერთა უმეტესობა არასწორ თესლს იყენებს, ჩვენთან წარმოებული პროდუქტის ხარისხი დაბალია. ხორბლის შემთხვევაში, ხარისხი მისი წებოგვარა შემცველობით იზომება. წებოგვარა პურცხობის კოეფიციენტია. სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იკვრება პურის ცომი.

საქართველოში წარმოებული ხორბალი ნაკლებად გამოიყენება პურისთვის, რადგან ეს კოეფიციენტი დაბალია. ამის გამო, პროდუქტს, უმეტესად, საფურაჟედ, ანუ ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებული საკვების წარმოებისთვის გამოიყენება.

„აგრო სოლუშენს ჯგუფის“ კონსულტანტები განმარტავენ, რომ არსებობს ხორბლის თესლის რამდენიმე კატეგორია. აგრო კონსულტანტების თქმით, აუცილებელია, ფერმერმა ელიტური თესლი დათესოს, რათა სასურველი შედეგი მიიღოს.

„პრობლემა ისაა, რომ ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. რადგან მოთხოვნა არ არის, ელიტურ თესლი საქართველოში არც შემოდის, ან შემოდის, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე, ძალიან მცირე რაოდენობით, ელიტურ თესლს აწარმოებენ საქართველოში არსებული მეთესლეობის კომპანიები. ფერმერმა მაქსიმუმ 250 ლარით მეტი უნდა დახარჯოს წინასწარ ელიტურ თესლში, რომ მინიმუმ 50%-იანი ზრდა ჰქონდეს შედეგის მიღებისას,“ - განმარტავს „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ დირექტორი დიანა ბერია.

აგროტექნიკა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აგროტექნიკური ღონისძიებებია, ანუ პროცესები დათესვიდან მოსავლის აღებამდე. აგრო კონსულტანტები ამტკიცებენ, რომ ფერმერმა დიდი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოს ხორბლის ყანის მოვლა-პატრონობას, რაშიც, ხშირად, სწორედ აგრო კონსულტანტების დახმარებაა საჭირო. თესლის გარდა, პურცხობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მცენარის დაავადებებზე, სასუქებით სწორად მართვაზე. „აგრო სოლუშენს ჯგუფში“ ამბობენ, რომ ხორბლის წარმოებისას, ხშირად იყენებენ აზოტოვან სასუქს ნიადაგის ანალიზის გარეშე, რაც დიდი შეცდომაა. არასწორი მიდგომაა დაავადებებსა და მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებითაც და ფერმერები არ არიან ინფორმირებულები პრევენციულ ზომებზე.

„აგრო სოლუშენს ჯგუფში“ აღნიშნული პრობლემების მოგვარების რამდენიმე გზას ხედავენ. აგრო ექსპერტების თქმით, ყველა რეგიონში, სადაც მარცვლეულს აწარმოებენ, სახელმწიფოს სადემონსტრაციო ნაკვეთები უნდა ჰქონდეს. ფერმერს შეეძლება, დაესწროს ყველა ოპერაციას და მიიღოს უშუალო მონაწილეობა. შედეგად, მათ ექნებათ შედარების საფუძველი და უკეთ დაინახავენ, რა შედეგი ექნებათ სწორად მოვლის შემთხვევაში.

ასევე, ექსპერტების თქმით, აუცილებელია რეგიონებში ფერმერების მაქსიმალური ინფორმირება არა ტრენინგების, არამედ - პრაქტიკული კურსების მეთოდით.

„ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროცესი, და არა - ერთჯერადი. ფერმერმა ველზე უნდა ნახოს და თავადვე მიიღოს მონაწილეობა სრული აგროტენქიკური ღონისძიებების შესრულებაში ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად. შესაძლებელია, სახელმწიფომ მოამზადოს რამდენიმე წლიანი გეგმა/პროექტი, რომელშიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად,  საერთაშორისო ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები. ეს საკითხები აქტიურად უნდა გაშუქდეს მედიითაც,“ - აცხადებს „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ დირექტორი დიანა ბერია.

Businesspartner