ბიზნესი
23/09/2020

რამდენი დაუსრულებელი მშენებლობაა თბილისში - კახა კალაძის განმარტება

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები უკვე დიდი ხანია პრობლემაა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაახლოებით, 180 ობიექტია თბილისში, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. 

მისი თქმით, დედაქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობა ქალაქისთვის ვიზუალური თვალსაზრისით, პრობლემაა და გარდა ამისა, ეს პრობლემაა თავად იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ გარკვეული თანხა გადაიხადეს, საცხოვრებელ ფართს ელოდნენ და იმის გამო, რომ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები იყო, ვერ მოხერხდა ამ მშენებლობების დასრულება.

"ჩვენ 2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შევქმენით, რომელიც აქტიურად მუშაობს და დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს. გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება „m² ჯგუფთან“, რომელიც „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას ოქტომბრიდან განაახლებს. უკვე მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი და როგორც მერი ამბობს, 400 ადამიანი სამი წლის განმავლობაში, საკუთარ ფართებს მიიღებენ.

ამ დროისთვის თბილისის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს "ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ობიექტების პროექტის განხორციელებაზე. 

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაწყებული მშენებლობები კი კომპანია m2-მა ჯერ კიდევ 2019 წელს გადაიბარა.

 

Businesspartner