ბიზნესი
15/04/2021

რატომ შეიცვალა სპეცმმართველი "კავკასუს ონლაინში" - კომუნიკაციების კომისიის განმარტება

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა.

გადაწყვეტილების შესახებ მარეგულირებელმა განცხადება გაავრცელა და მიზეზიც ახნა რატომ შეიცვალა სპეცმმართველი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

"სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია დღეს გაიარა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის“ 461 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის თანახმად სპეციალური მმართველი არ შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი სხვა კომპანიის დირექტორი. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მარიამ სულაბერიძის განცხადების საფუძველი. მარიამ სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად გასული წლის 1 ოქტომბერს დანიშნა", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ახალ სპეცმმართველს, თამარ ბოკუჩავას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2017 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა და ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

"კანონის თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშეა. მმართველს აქვს უფლება განახორციელოს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები, ამასთან ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს მმართველთან. მმართველი ასევე უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს", - განმარტავს მარეგულირებელი.

 

Businesspartner