ბიზნესი
19/05/2022

რებრენდინგი, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება - ლექვინაძის ანგარიში პარლამენტში

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

„სააგენტოს რებრენდინგის პარალელურად, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება - ის სიახლეებია, რომლითაც ჩვენი უწყება უკვე ცხოვრობს. 2021 წელი, პანდემიის მიუხედავად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აქტიურად განვლო. დავასრულეთ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გავეცით, რომელთა დანერგვამ პაციენტებს უფრო მეტი არჩევანისა და ბევრად ნაკლები დანახარჯების მიღწევის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

გასულ წელს ხუთი მოკვლევა დავასრულეთ - დადგინდა ეკონომიკურ აგენტთა შეთანხმებული ქმედება, ორი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, არ დადასტურდა სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ერთი შემთხვევა. ამავე პერიოდში, საქართველოში განხორციელებული 22 ათასამდე კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული, სააგენტომ 3 შემთხვევაში სხვადასხვა სექტორში კომპანიების გაერთიანებაზე თანხმობა გასცა," - განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს 3 საქმის მოკვლევის პროცესი: 1. სათარჯიმნო სექტორში - დომინატური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტის გამოვლენაზე; 2. სადაზღვევო/ჰოსპოტალურ სექტორში არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენაზე და 3. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ასევე მიმდინარე რეჟიმშია - 3 საქმის განხილვა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად: სემეკთან, კომუნიკაციების კომისიასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად.

წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, სააგენტომ სხვადასხვა ეკონომიკურ აგენტებს 58 000 ლარის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

„მიმდინარე რეჟიმშია საწვავის ბაზრის მონიტორინგი, რომლის ფარგლებში 2021 წელს დარგობრივი ასოციაციებისა და ბაზარზე მოქმედი რიგი ეკონომიკური აგენტების მიმართულებით რეკომენდაცია გავეცით. ასევე, გამოვაქვეყნეთ 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მონაცემები, რომელმაც აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე და განმარტა, რომ ეკონომიკური გუნდი საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე აქტიურად მუშაობს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

Businesspartner