ბიზნესი
20/04/2021

რესტორანი "11 კათხა": არ არის გამორიცხული ბაზარზე ახალი გადანაწილება დაიწყოს

რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რესტორანი  ერთ  წელზე მეტია დახურულია და არ მუშაობს. მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ობიექტი ტურისტულად აქტიურ ქუჩაზეა, შემოსავლების ძირითად ნაწილს უცხოელი ტურისტებიდან მიღებული თანხები წარმოადგენდა. ამ პირობებში, კი როდესაც ქვეყანაში ტურისტები არ არიან, რესტორანის გახსნა და მუშაობა არ ღირს.

„ჩვენ ვართ პუშკინის ქუჩაზე, მუშაობას აზრი არ აქვს. ნაკლები შემოსავლების პირობებში და იმ დროს, როცა რესტორნები შაბათ-კვირას არ მუშაობენ,  კომუნალურები 50%-ით გაგვიძვირდა. ამათ ჰგონიათ, რომ მარტო გახსნაა საქმე. რომ გვქონდეს საკრედიტო ხაზი, ან რესურსი გვქონდეს, კი ბატონო, მაგრამ თანამშრომელი ვამუშაო და შემდეგ ხელფასი ვერ გაგავუხადო, ასე არ გამოვა,“ - აცხადებს ტრაპაიძე.

რაც შეეხება მოლოდინებს, ტრაპაიძე აცხადებს, რომ სამომავლოდ, შესაძლოა ბაზარზე რესტორნების გამსხვილების პროცესიც დაიწყოს. კერძოდ, გაქრეს ნაკლები ფინანსების მქონე ობიექტები, რომლებსაც ფინანსურად  შედარებით ძლიერი კომპანიები შეისყიდიან.

„წლები თუ არა, თვეები მაინც დასჭირდება იმას, რომ ძველ მაჩვენებლებს დავუბრუნეთ. ვისაც საშუალება ექნება გაიხსნება და იმუშავებს, ვისაც არა და ჩანაცვლდება ბიზნესები. სულ მცირე 50 000 ლარი მაინცაა საჭირო იმისთვის, რომ რესტორანმა მუშაობა განაახლოს, თანამშრომლები 1 თვე შეინახო და კომუნალურები იხადო. ამას ემატება იჯარის თანხაც,“ - აცხადებს ტრაპაიძე.

 

Businesspartner