ბიზნესი
02/12/2020

რესურსი აღარ არსებობს - რას სთავაზობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია პრემიერს

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია პრემიერს მიმართავს. განცხადებაში, რომელსაც ხელს 35 კაფე და რესტორანი აწერს, ნათქვამია, რომ ინდუსტრია პანდემიამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

პირველი დარტყმა ინდუსტრიამ ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვისა და ტურისტების დეფიციტმა მიაყენა, ახლა კი იზოლაციისა და კარანტინის წესების გამკაცრებამ ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

გამკაცრებული რეგულაციები ფაქტობრივად სრულ შეზღუდვას და მიტანის სერვისზე გადასვლას გულისხმობს, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას. "მიტანის სერვისი ჩვენს სფეროში უშედეგოა და შემოსავლის მომტანი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ ინდუსტრიაში დასაქმებული ათასობით ადამიანი გამოიმუშავებს საარსებო წყაროს, რაც პანდემიის დროს მინიმუმამდეა დაყვანილი. ინდუსტრიის წევრები აცხადებენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, შეინარჩუნონ დასაქმებულები და არ ჩააყენონ ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თუმცა რესურსები აღარ არსებობს.

იქვე მითითებულია, რომ ინდუსტრია გაგებით ეკიდება მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა არსებული მდგომარეობა ინდუსტრიისთვის კატასტროფულია, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, კვების დაწესებულებების 80% გაკოტრების რეჟიმში გადაინაცვლებს და უმრავლესობა ვეღარ შეძლებს საქმიანობის განახლებას.

"მოგმართავთ პანდემიის პირობებში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის გადარჩენისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით და გთავაზობთ პრობლემების გადაჭრის ერთიან ხედვას, სადაც კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსი მაქსიმალურად იქნება დაცული. კერძოდ:

1. 2020 წლის ნოემბრის თვიდან დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების პერიოდში,
სახელმწიფომ უზრუნველყოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული
ადამიანების (რომელთა რიცხვი 300 000-ს აღწევს) დეკლარირებული ხელფასის 50%-ის კომპენსანცია. ასევე, გთავაზობთ, მივმართოთ სხვა ქვეყნების მაგალითს და
სტუმარ-მასპინძლობის სფერო უზრუნველყოთ ნულპროცენტიანი გრძელვადიანი
სესხებით, რათა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შევძლოთ სრულ მცირე
თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა.

2. მზად ვართ, უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ 5 დღე), სახელმწიფოსთან ერთად,
შევიმუშავოთ დამატებითი რეგულაციები სტუმარ-მასპინძლობის სფეროს სამუშაო
პროცესის განახლების მიზნით, ხოლო შემუშავებული რეგულაციების დაცვისა და
მისი კონტროლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მთლიანად აიღებს კერძო
სექტორი.

3. ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. საფინანსო
ინსტიტუტები უარს აცხადებენ, როგორც რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის, ასევე
იქ მომუშავე პირებისთვის სესხების გაცემაზე. Ბანკების ეს ქმედება დამატებით
აუარესებს სფეროში მომუშავე პირების მდგომარეობას. Ბქედან გამომდინარე,
კომპანიები ვეღარ ახერხებენ სესხების აღებასა და მათი კაპიტალის საჭიროებისამებრ
ბრუნვას, რაც კიდევ უფრო აფერხებს მათ ეკონომიკურ საქმიანობას. საბანკო
სექტორის დამოკიდებულება იგივეა ფიზიკური პირების მიმართ, მოსახლეობის
უმრავლესობამ დაკარგა სამსახური, ბევრი კი ამ საშიშროების წინაშე დგას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ არსებული
მძიმე მდგომარეობა და სახელმწიფო გახდეს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის
წარმომადგენლების, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების, საფინანსო
გარანტი საბანკო სექტორთან.

4. ვინაიდან, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს შემოსავლები ნულამდეა დაყვანილი,
რეგულაციების მოხსნის შემდგომ საქმიანობის გაგრძელებისათვის, რომელიც
გულისხმობს უკიდურესად გაძვირებული პროდუქტების შეძენას, ხელფასების
გაცემას, კომუნალური გადასახადებისა თუ მიღებული ზარალის, დავალიანებებისა
და სხვა ხარჯების დაფარვას, საჭირო ხდება სესხის აღება. დამატებით, იმ პირობებში,
როდესაც ბანკები იმთავითვე არ განიხილავენ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს
წარმომადგენელთა განცხადებებს, მოგმართავთ შუამდგომლობით, გაითვალისწინოთ
აღნიშნული და მხარდაჭერა გამოგვიცხადოთ კერძო საფინანსო ინსტიტუტებთან
მოლაპარაკების წარმოებაში დაბალპროცენტიანი სესხების პროექტის შემუშავებასთან
დაკავშირებით. ასევე, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენელთა სასესხო
ვალდებულებების განხილვის/სუბსიდირების შემთხვევაში, ინდივიდუალურად
მოხდეს რესტორნებისა თუ კაფეების/ბარების დამფუძნებლების პირადი სასესხო
ვალდებულებების განხილვა, რათა, იმ შემთხვევაში, თუ ამ სესხების მიზნობრიობა
მიემართება რესტორნებისთვის/კაფეებისთვის/ბარებისთვის დახარჯული თანხებს,
აღნიშნული ვალდებულებები მოექცეს ბიზნეს ვალდებულებების დასაფარად
აღებულ სასესხო პაკეტში.

5. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების უდიდესი ნაწილი
ტურიზმის სფეროს უკავშირდება. ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ქვეყანაში
სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უმაღლეს დონეზეა აყვანილი. სტუმარმასპინძლობის კომპონენტის არსებობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის
განვითარებისთვის. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე თითოეულ
პირს ყოველწლიურად მილიონობით ლარი შეაქვს სახელმწიფოს ბიუჯეტში, რასაც
განვიხილავთ, როგორც ჩვენს ვალდებულებას, ვემსახუროთ საქართველოს
ეკონომიკის განვითარებას. ამ ვალდებულებას წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ვასრულებდით, თუმცა ამჯერად სახელმწიფოსგან ჩვენ
გვჭირდება მხარდაჭერა, რათა შემდგომ ისევ შევძლოთ სახელმწიფო ბიუჯეტში
თანხის შეტანა. უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ განიხილოთ საკითხი ერთი წლის
განმავლობაში საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, კერძოდ
დღგ-ს განაკვეთის შემცირება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის. ასევე,
გამოვთქვამთ მზაობას, ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვები.

6. დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის
გათვალისწინებითა და დასაქმებულთა მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით,
მოგმართავთ შუამდგომლობით, კვლავ მოგვეცეს უფლება, ვისარგებლოთ საშემოსავლო
გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, მინიმუმ ერთი წლის ვადით.
7. შეზღუდული საქმიანობის პირობებში ვერ ვახერხებთ სრული ეკონომიკური
საქმიანობის წარმართვას, სფეროში არსებული ხარჯები და მომხმარებელთა
ერთმანეთს არ შეესაბამება, შესაბამისად, მოგმართავთ შუამდგომლობით, დაწესდეს
საშეღავათო პერიოდი იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ
გადასახადზე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული სტრატეგიითა და დადგენილი საშეღავათო
ღონისძიებების არსებობის შემთხვევაში, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, მკაცრი
რეგულაციების პირობებში და მის შემდგომ პერიოდში, შეძლებს, გადაარჩინოს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა და შეინარჩუნოს დასაქმებულები, რომელთა უკანაც დგას ოჯახები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, რათა შედეგი კიდევ უფრო მძიმე არ აღმოჩნდეს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისათვის. გვინდა დადებითად შევაფასოთ სახელმწიფოს მხრიდან დაწყებული სამუშაო პროცესი, რომელიც შეეხება საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას და საფინანსო სექტორთან დაბალპროცენტიანი სესხების გაცემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკების წარმოებას.

მოგმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნული წარიმართოს შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში, რათა კერძო სექტორმა აღნიშნული შეღავათებით უმოკლეს ვადებში შეძლოს სარგებლობა. მივესალმებით საკოორდინაციო შეხვედრების ჩანიშვნასა და ერთობლივად აღნიშნული საკითხების განხილვას, რაც გაადვილებს კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები