ბიზნესი
13/06/2021

"რკოს" საბავშვო სამოსი ebay-სა და etsy-ზე იყიდება

„რკომ“ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე პირველი პროდუქტები კანადასა და ავსტრალიაში გაყიდა.

ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისგან შექმნილი, ფერადი ტანისამოსისა და აქსესუარების ქართული ბრენდი ebay-სა და etsy-ზე სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

ონლაინ გაყიდვების გარდა "რკოს" პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე. აგვისტოში ბრენდი პროდუქციას ჩინეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში გაგზავნის.

დაკვეთები გვაქვს როგორც წინა წლების პარტნიორებისგან ასევე ახალი კომპანიებისგან. თითოეული დამკვეთი შეკვეთას როცა პირველად გვაძლევს ნაკლებ რაოდენობას გვიკვეთს, შემდეგ კი რაოდენობა იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. რომ არა პანდემია, გვქონოდა შესაძლებლობა გამოფენებში მიგვეღო მონაწილეობა და უფრო მასშტაბურ შედეგებზე გავიდოდით," -  განმარტავს თამარ მესარკიშვილი, კომპანიის თანადამფუძნებელი.

პანდემიამ „რკოს" გაყიდვები ვერ შეაფერხა, წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა მათ პროდუქციაზე გაორმაგებულია. საჭირო წარმადობის უზრუნველსაყოფად კი კომპანია ხელით ქსოვასთან ერთად წარმოებაში საქსოვ დაზგებსაც ჩართავს.

„მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე მანქანაზე დავიწყეთ ქსოვა, აქამდე ყველაფერს ხელით ვაკეთებდით. ხელნაკეთი ხაზის შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, მაგრამ იმისთვის რომ უფრო მეტი შეკვეთა მივიღოთ, და დროში ოპტიმალურად მოვასწროთ ყველაფრის დამზადება, დავიწყეთ მანქანებზე ქსოვა. ეს არ ნიშნავს სერიულ წარმოებას, მიზანი უფრო ემსახურება პროცესის დაჩქარებას. დაზგაზე გარკვეული დეტალები კეთდება საბოლოოდ კი პროდუქტი მაინც ხელით მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი დანადგარებით უფრო მეტი მოდელის დამზადება შეგვეძლება.

ცნობისთვის კომპანია ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და 0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 20-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს. საწარმოში 80-მდე ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner