ბიზნესი
28/12/2020

"რომპეტროლი" ტრადიციას აგრძელებს - კომპანია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს ესტუმრა

„რომპეტროლ საქართველო“ რამდენიმე წელია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარებისთვის სადღესასწაულო და ბედნიერი განწყობის შექმნაზე ზრუნავს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია წელსაც ესტუმრა კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და საჩუქრები გადასცა.

„რომპეტროლის“ წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლის დირექციასთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ, დაწესებულება მსხვილი და წვრილი საოჯახო ტექნიკით და ავეჯით უზრუნველყვეს. ასევე,  ოცივე ბენეფიციარს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა, დამდეგი ახალი წელი ტკბილეულით, ბუშტებით და საჩუქრებით მიულოცეს.

“ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ტრადიციად ქცეული ინიციატივის განხორციელებას - ბიზნეს პარტნიორებისთვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად განკუთვნილი ფულადი რესურსი კვლავ მივმართეთ სოციალურ პროექტზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ვამაყობთ, რომ ამ კეთილშობილურ წამოწყებაში ჩვენს პარტნიორებს მეგობრებად და თანამონაწილეებად  მოვიაზრებთ.“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.

რამდენიმე წელია „რომპეტროლი“ ბიზნეს პარტნიორების საახალწლო საჩუქრების ფონდს  ბავშვთა სახლის დასახმარებლად განკარგავს. პარტნიორებს კი სასიკეთო საქმეში ჩართულობისთვის მადლობის წერილები ეგზავნებათ.

„ეს ბავშვები უკვე ძალიან ახლობლები არიან ჩვენთვის, თითოეული მათგანი გვიყვარს და ყოველ წელს სიხარულით ველით მათთან შეხვედრას.  წელს კოვიდ 19-ის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ვერ შევძელით მათთვის წინა წლის მსგავსად, გასართობი პროგრამის მოწყობა. თუმცა, ვფიქრობთ მათი კეთილი გულების გახარება მაინც მოვახერხეთ.“- აცხადებენ კომპანიაში.

„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით,  ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები