ბიზნესი
23/06/2020

როშკა-არხოტის გზის ტენდერის გამარჯვებულმა ვალდებულებები ვერ შეასრულა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ხელახალი ტედნერი გამოაცხადა. 

მიზეზი ისაა რომ როშკა-არხოტის გზის თავდაპირველ ტენდერზე გამარჯვებულმა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, კომპანია არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა მან მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლო. ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

სამუშაოების შესრულების ღირებულება 5.7 მლნ ლარია და ის რკინის ხიდებისა და საავტომობილო გზების მშენებლობას გულისხმობს.

სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, არხოტის უღელტეხილზე გადადის და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა. პროექტის ფარგლებში კი, უკვე გაიჭრა 6 მეტრი სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა და შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება. მეორე ფაზით გზაზე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.  

Businesspartner