ბიზნესი
22/10/2020

საგოს ქოხი - ხის სათამაშოების წარმოებიდან კოტეჯების და საბავშვო ატრაქციონების მშენებლობამდე

“საგოს ქოხი” პანდემიის დროს მაშინ შეიქმნა, როდესაც ბევრი სხვა მსგავსი ბიზნესი გაჩერების საფრთხის წინაშე დადგა. კომპანიის დამფუძნებლის გოგა ოტინაშვილის თქმით, ქოხების და კოტეჯების შექმნაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, თუმცა სათანადო ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობის გამო ასეთი მასშტაბის საქმიანობას ვერ ეჭიდებოდა.

“კარანტინის დროს, გადავიწყვიტე ფრთები შემესხა ჩემი დიდი ხნის ოცნებისთვის. ინტერნეტის საშუალებით ვეცნობოდი და ვსწავლობდი ხის კოტეჯების და მცირე ზომის ქოხების აშენების სპეციფიკას. შედეგად, "საგოს” ბრენდის ქვეშ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ხის სათამაშოებს აწარმოებდა, "საგოს ქოხი” შეიქმნა. კარანტინის შემდეგ, ხის მასალების მაღაზიების გახსნისთანავე დავიწყეთ პირველი კოტეჯის მშენებლობა, რომელიც საბედნიეროდ, წარმატებით დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დასასრულის დასაწყისი. საქმიანობის სტარტშივე გამოიკვეთა ინტერესი ატრაქციონების მიმართაც, რამაც ძალიან გამახარა, რადგან ემოციურად რთული იყო საბოლოოდ გამეწყვიტა კავშირი საბავშვო საჭიროებებზე მორგებულ საქმიანობასთან - ამიტომ კოტეჯებთან ერთად ატრაქციონების გამოწვევაც სიამოვნებით მივიღეთ,”- აღნიშნავს გოგა ოტინაშვილი.

პანდემიის მიუხედავად, ბიზნესი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. კომპანიის წარმომადგენლით თქმით, პრაქტიკულად არ ჰქონიათ თავისუფალი დრო. თუმცა, არსებული მდგომარეობა გრძელვადიანი გეგმების შემუშავების საშუალებას არ იძლევა.

“მაქვს სურვილი და მოლოდინი, მსოფლიო მალე გაუმკლავდბა ამ გამოწვევას, რაც თავისთავად ჩვენი საქმიანობის განვითარებაზე დადებითად აისახება და საშუალება გვექნება "საგოს ქოხში” ბევრი ადამიანი დავასაქმოთ და გავფართოვდეთ. რაც შეეხება ONLINE შეკვეთებს, უახლოეს პერიოდში ინტერნეტში გაეშვება WEB კატალოგი, სადაც დამკვეთებს შეეძლებათ ონლაინ შეკვეთების განხორციელებაც. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენება. ჩვენი სერვისის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი წყარო სწორედ სოციალური მედიაა,” - ამბობს გოგა ოტინაშვილი.

“საგოს ქოხები” თბილისში, საწარმო/სახელოსნოში მზადდება, სადაც კოტეჯების და ატრქციონების გარკვეულ დეტალები იქმნება, ხოლო კონსტრუქციის და ნაგებობის ძირითადი ნაწილი დამკვეთის მიერ გამოყოფილ ადგილზე შენდება. სტანდარტულად 1 კვ/მ-ის ღირებულება 750 ლარია. შეკვეთები შეიძლება იყოს, როგორც ტურიზმის ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისგან, ასევე იმ ადამიანებისგან ვისაც კოტეჯი პირადი მოხმარებისთვის სურს. საბოლოოდ, დამკვეთს სრულად გარემონტებული ხის სახლი ბარდება.

4 წლის წინ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” პროგრამის, დაიწყე ბიზნესი ,,ფაბ - ლაბთან” ერთად, მონაწილეობის მიღებით გოგამ მოახერხა გაცნობოდა თანამედროვე დაზგა-დანადგარების მუშაობის პრინციპს. ამის შემდეგ იყო USAID-ის და ფონდი "კრისტალის” ახალგაზრდა მეწარმეთა სამთვიანი სკოლა. რომლის დასრულების შემდეგაც მან მონაწილეობა მიიღო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, სადაც იდეამ "საგო” (სათამაშოები გოგასგან) პირველი დაფინანსება მიიღო, რომლითაც მოხდა დაზგა-დანადგარების შეძენა და ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოების დაწყება. ახლა უკვე "საგოს” ბრენდის ქვეშ, რომელიც სამი წლის განმავლობაში აწარმოებდა ხის სათამაშოებს “საგოს ქოხი” განაგრძობს მუშაობას.

 

 

 

Businesspartner