ბიზნესი
06/01/2021

"საჯარო სკოლებში განათლების დაბალი ხარისხია" - თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში არსებულ  განათლების დაბალ ხარისხსა და  გამოსწორების გზებზე საუბრობს.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, დღეს ქვეყანაში განათლების ხარისხი დაბალია.

შესაბამისად, აუცილებელია შემცირდეს ბიუროკრატიული აპარატი და მისგან  დაზოგილი თანხები განათლებაზე  მიიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ვერ განვითარდება.

„ყველაფერს ონოვაციურს და ახალს ქმნის განათლებული ადამიანი. ჩვენ ვიცით რა დღეშია ჩვენი სკოლები და ვიცით რატომ ვითარდება კერძო სკოლების ბიზნესი. იმიტომ, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის ხარისხი, რაც არის საჯარო სკოლებში. ყველას კი არ აქვს საშუალება შვილი კერძო სკოლაში ატაროს. აქედან გამომდინარე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება, როგორიცაა ესტონეთში. ეს უნდა დაისახოს მიზნად ამ მთავრობამ," - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

გარდა ამისა, ბიზნესმენი აცხადებს, რომ საქართველოს თითოეულ რაიონში უნდა შეიქმნას მინიმუმ ერთი  პროფსასწავლებელი, სადაც ადამიანები მოემზადებიან იმ პროფესიებში, რომელიც მათი რეგიონისთვის და რაიონისთვისაა დამახასიათებელი. ბიზნესში ასეთ პროფესიებზე მოთხოვნაა.

„ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი შეიქმნება, საბოლოო ჯამში მივიღებთ სურათს, სადაც მთლიანობაში ქვეყანა, მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთ ლიდერად  იქცევა,“ - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

Businesspartner