ბიზნესი
11/05/2022

"საქართველო 8000 წლის მეღვინეობა" - გამოფენას ციურიხის ეთნო ღვინის მუზეუმი მასპინძლობს

საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა - გამოფენას ციურიხის ეთნო ღვინის მუზეუმი მასპინძლობს.

ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატების, არტეფაქტებისა და სხვა საილუსტრაციო მასალის გაცნობას დამთვალიერებლები 6 თვის განმავლობაში შეძლებენ.  ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას შვეიცარიასა და ზოგადად ევროპაში.

გამოფენა, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება, ვაზის დარგვის ცერემონიალით გაიხსნა.

„შვეიცარია ევროპის ფინანსურ, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურული ცენტრია. გამოფენის „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დამთვალიერებელს წარმოდგენას შეუქმნის იმ გარემოზე, სადაც ქართველები ღვინოს ათასწლეულების განმავლობაში წურავენ ", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგიემ დავით ტყემალაძემ.

Ortsmuseum Hongg-ის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან იყო შერჩეული.

„მუზეუმში, სადაც ექვსი თვის განმავლობაში სისტემატურად ჩატარდება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის ღონისძიებები, ადგილი დაიმკვიდრა ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობებიდან გადმოტანილმა რამდენიმე ჯიშმა: გორული მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, ალექსანდროული და სხვა. ქართული ვაზის ჯიშების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

Businesspartner