ბიზნესი
21/07/2021

საქართველოში ადგილობრივი ელკომერციის ბაზრის ზომამ 2020 წელს ₾138 მლნ-ს მიაღწია

GALT&TAGGART-მა ელექტრონული კომერციის სექტორზე კონფერენცია ონლაინ გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, COVID-19 პანდემიის გავლენა და განვითარების პერსპექტივები.

COVID-19 პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ადგილობრივი ბაზრის ზომა  წლიურად 3.2-ჯერ, 138 მლნ ლარამდე გაიზარდა 2020 წელს.

ამასთან, სწრაფი ზრდის მიუხედავად საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო  ვაჭრობაში 1.1%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. მაგალითისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ევროპაში 12%-ია. საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე -  950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორია არის ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც GALT&TAGGART–ის შეფასებით გაყიდვების 65%-ს შეადგენდა 2020 წელს. ამასთან, ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები.

„ჩვენი კვლევის მიზანია ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს გაუზიაროთ გალტ & თაგარტის ხედვა სექტორში არსებული ვითარების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ“,- განაცხადა GALT&TAGGART–ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.