ბიზნესი
22/03/2023

საქართველოში წარმოებული დრონებით ბრიტანეთის პოლიცია დაინტერესდა

ქართველმა ინჟინრებმა იშვიათი სპეციფიკაციის დრონები შექმნეს, რომელთა გამოყენებაც, სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა, მათ შორის ექსტრემალურ სიტუაციებშია შესაძლებელი.

კომპანია Missiya-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია,  სახანძრო,  სამაშველო,  ჯანდაცვა,  სამეურნეო სფერო, მონიტორინგი.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნოდარ ხიდიშელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, დრონები ქართველმა სპეციალისტთა ჯგუფმა შექმნა, რომლებსაც ელექტრომოწყობილობების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

მისი თქმით, აპარატები გამოირჩევა არაერთი უნიკალური მახასიათებლით: აღჭურვილია 4G/LTE სისტემით, რაც უზრუნველყოფს აპარატის მოქმედებაში მოყვანას სხვა ქვეყნიდანაც კი;  Missiya -ს დრონებს უნიკალურს ხდის ასევე ფრენის ხანგრძლივობა - 45 წუთი და ტვირთამწეობა - 5 კილოგრამი. მათ შეუძლიათ 90 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 3500 მეტრ სიმაღლეზე ფრენა. უნიკალური ძრავების დახმარებით აპარატი  მიწიდან 130 მეტრში სრულიად შეუმჩნეველი ხდება. დრონი აღჭურვილია თერმული კამერით, რომელიც სამძებრო- სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება, აქვს ხმოვანი მოწყობილობაც.

საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, საფრენი აპარატით უკვე დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა, შესყიდვისთვის ემზადება ბრიტანეთის პოლიცია.   დრონების პრეზენტაცია 25 მარტს, 14:00 საათზე,  “პულმან- აქსის თაუერსშია” დაგეგმილი. როგორც ნოდარ ხიდიშელი ამბობს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფერის დრონები მათი ფუნქციის შესაბამისად. მისივე თქმით, ისეთი დრონები, რომელშიც წონის, ფრენის სიმაღლის, სიჩქარის და ხანგრძლივობის კონკრეტული მაჩვენებლები ერთადაა თავმოყრილი, მსოფლიოში იშვიათია. სწორედ ეს სძენს მათ პროდუქტს უნიკალურობას.

„დრონებისთვისთვის საჭირო ნაწილები უცხოეთიდანაა შემოტანილი, ხოლო თავად დრონი საქართველოშია კონსტრუირებული. საქართველოში დრონებს ბევრი ყიდის, მაგრამ ესაა იმპორტირებული დრონები, ჩვენი პროდუქცია კი ჩვენს მიერ, კონკრეტული სპეციფიკაციებითაა ნაწარმოები, რომელიც გარკვეული ფუნქციის შესრულების საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა ხიდიშელმა. მისი თქმით, დასახელებული მახასიათებლების დრონების გამოყენება შესაძლებელია მაგალითად ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ადამიანი კლდეზეა დაკიდებული ან თოვლშია ჩარჩენილი და ვიდრე მაშველები მიაღწევენ, დრონის საშუალებით შესაძლებელია მისთვის მედიკამენტებისა და საკვების მიწოდება. ასევე, როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, 5 კილოგრამის ტვირთამწეობის მქონე დრონს (ამ წონაში თავად დრონის წონა არ შედის) შეუძლია მისთვის მაშველი რგოლის მიწოდება. ღამით სამძებრო სამუშაოების დროს გამოიყენება მძლავრი განათების მქონე დრონები. პოლიციის შემთხვევაში დრონს აქვს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მონიშნავს სამიზნე ავტომობილს და ის პოლიციას ვეღარ გაექცევა, რადგან დრონს შეუძლია მისი იდენტიფიცირება მანქანების დიდ ნაკადში შერევის შემთხვევაშიც კი.

კომპანია დრონების მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს. მაგალითად, ფრენის ხანგრძლივობის 65 წუთამდე გაზრდას, თუმცა როგორც ნოდარ ხიდიშელი აღნიშნავს, მთავარი მიზანია, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება არ მოხდეს სხვა მახასიათებლის ხარჯზე და დრონმა შეინარჩუნოს 5 კილოგრამი ტვირთის გადატანის შესაძლებლობა.

კომპანიაში დრონის ღირებულებას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ სპეციფიკაციების დრონებისთვის ფასი კონკურენტულია. რაც შეეხება გეგმებს, მთავარ ამოცანად ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას ასახელებენ, ინგლისის შემდეგ კი რეალიზაციას ამერიკულ ბაზარზე გეგმავენ.

Businesspartner