ბიზნესი
23/03/2023

"სახე-დარი" ჩინეთის ბაზართან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ვირების ფერმა „სახე-დარი“, საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე კომპანიის დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკება მიდის ჩინეთის ბაზართან. მათი მხრიდან მოთხოვნაა  ქვეყნიდან წელიწადში 5 000  სული ცოცხალი ვირის ექსპორტი განხორციელდეს, რაც ლომიძის მტკიცებით, ძალიან ბევრია და კომპანია საკუთარი სახსრებით ამ მოთხოვნის შესრულებას ვერ შეძლებს. 

ფერმის მიერ წარმოებული პროდუქციაც, რომელიც  ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა (6 სახის) და საპონს მოიცავს,  მოლაპარაკებების შემდეგ  ჩინეთის ბაზარზე აქტიურად გავა.

„ეს არის მასშტაბური ბაზარი და უზარმაზარი ასათვისებელი სივრცე, რომელსაც მე კი არა 10 ან 100 ჩემნაირი ვერ დააკმაყოფილებს.“ -აღნიშნავს „სახე-დარი“-ის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 წელია ახორციელებს. მისი მტკიცებით, დაფინანსებისა და პარტნიორობის კუთხით, კომპანიის პროდუქტით ისრაელიცაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ,  ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებს. ფერმაში სამი ძირითადი მიმართულებაა - კოსმეტიკური, ჯანმრთელობის და კვების.

ადგილობრივ ბაზარზე 1 ლიტრი ვირის რძე 70 ლარი, ხოლო 1 კგ ყველი 1500 ლარი ღირს. საპნების ღირებულება 20 ლარია, 1 გრამი სახის საცხის ფასი კი 1 ლარს შეადგენს. 

Businesspartner