ბიზნესი
29/06/2020

სახელმწიფო დეველოპერებისგან ბინებს შეისყიდის - 1 კვ.მ-ში მაქსიმუმ ₾1700-ს გადაიხდის

სახელმწიფო სამშენებლო სექტორის დასახმარებლად ბინების შეძენას იწყებს. 1 კვ.მეტრში კი 1700 ლარზე მეტს არ გადაიხდის.

შეძენილ ბინებს სახელმწიფო დევნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს.

ფასი, დაახლოებით 555 დოლარი თბილისის შემთხვევაში უკვე განსაზღვრულია, ფასის ზედა ზღვარს მთავრობა ასევე განსაზღვრავს ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტისათვის –  საერთო კოეფიციენტით.

გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე დეველოპერს შეეძლება კონკურსში  მის მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართების არაუმეტეს 30% გაიტანოს, მაგრამ შესაძლებელია ნაკლები ფართის შეთავაზებაც.

ბინების შესყიდვის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასით. ამასთან, კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს რამდენიმეჯერ, თუმცა იმ პირობით, რომ ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 მილიონ ლარს.

საცხოვრებელი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას, კერძოდ, უნდა იყოს მზა მდგომარეობაში, არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი რემონტი. განსაზღვრულია ის მასალაც, რაც უნდა იყოს გამოყენებული ამა თუ იმ ოთახში.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა დაასუბსიდირებს ახალ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7 პროცენტამდე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები