ბიზნესი
05/08/2020

სახლში მოყვანილი მიკრომწვანილი - კომპანია "მიკროგრინის“ ინოვაცია

„მიკროგრინი“ ვიტამინებით სავსე მიკრომწვანილია, რომელიც ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. „მიკროგრინი“ საოჯახო ბიზნესია და ის ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დააფუძნა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიტა გენებაშვილი აცხადებს, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს HoReCa სექტორთან, თუმცა, წარმოებული პროდუციის გარკვეული რაოდენობა საცალო ქსელშიც იყიდება.

მიკრო-მწვანილი ჩვეულებრივი ბოსტნეულის მცირე ვერსიაა, რომელიც დათესვიდან 2 კვირაში იკრიფება, ვიდრე ჯერ კიდევ მწვანილის მსგავსი ფორმა აქვს.

„სწორედ ამ ახალგაზრდა ასაკის გამო გამოირჩევა მიკრომწვანილი უნიკალური გემური და სასარგებლო თვისებებით. მაგალითად, წითელი კომბოსტოს მიკრომწვანილში 40-ჯერ უფრო მეტი სასიცოცხლო ნუტრიენტია, ვიდრე მის ზრდასრულ ვერსიაში. გვაქვს რამდენიმე სახეობის მიკრო-მწვანილი,“ - განაცხადა მარიტა გენებაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სათბურში 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი იწარმოება. მათ შორისაა, ბროკოლი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო და ასე შემდეგ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც გენებაშვილი აცხადებს, კომპანიას პანდემიამდე ყოველწლიურად თითქმის 50%-იანი ზრდა ჰქონდა, თუმცა,  ახლა სიტუაცია შედარებით შეცვლილია.  მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კარანტინის დროს სრულად დაკეტილი იყო სასტუმროები, რესტორნები, მოთხოვნა მიკრომწვანილზე შემცირდა, ეს კი საბოლოოდ გაყიდვებზე აისახა.

„ჩვენ გასულები ვართ რეგიონებშიც, ვაწვდით ბათუმის, კახეთის სასტუმროებსაც. ამის გარდა ვახორციელებდით ექსპორტს სომხეთში, აზერბაიჯანთანაც იგეგმებოდა თანაშრომლობა, თუმცა, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაიხსნა, მაინც ნახევარი დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან ვინც გაიხსნა ისინი ნახევარი დატვირთით მუშაობენ. გაჩერდა სომხეთში ექსპორტიც. ვიმედოვნებთ, რომ იმ პოზიციებზე  ვიყოთ რაც პანდემიამდე გვქონდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღვადგინოთ ექსპორტის მიმართულებაც.

წლის ბოლომდე ახალი პროდუქტების დამატებასაც ვგეგმავთ. ეს იქნება საცალო გაყიდვებისთვის. კერძოდ, მომხმარებელს შეეძლება თავად მოიყვანოს მიკრო მწვანილი იმ პროდუქტის საშუალებით, რომელზეც ახლა ვმუშაობთ“, - აცხადებს გენებაშვილი. 

„მიკროგრინი“ თბილისში, კერძოდ კი, დიღომში მდებარეობს, 7 სართულიანი ურბანულ-ვერტიკალური სათბური 150 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები