ბიზნესი
07/10/2021

სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა "აისბერგი" ₾1 მილიონად იყიდება

სამეგრელოში, აბაშაში 3 ჰექტარზე გაშენებული ლოკოკინების ფერმა 1 მილიონ ლარად იყიდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფერმის თანამფლობელმა  სოსო კაჭარავამ განუცხადა, მიზეზი რამდენიმეა, მათ შორისაა, აღნიშნულ სფეროში არასაკმარისი განათლება/გამოცდილება და ფერმის მფლობელი კომპანია „აისბერგის“ ქოლგის ქვეშ არსებული სხვადასხვა ბიზნესი, რის გამოც დამფუძნებლებს ლოკოკინების წარმოების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

„ჩვეულებრივად ვმუშაობდით წელიწადნახევარი, ჩვენი დაიკუმბატორული ლოკოკინები ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა, სხვადასხვა ფერმას მიჰყავდა. ახლა მივხვდით, რომ რთული საქმეა, ჩვენს კომპანიას აქვს ნაყინის მწარმოებელი კომპანიაც, შესაბამისად, მივხვდით, რომ ვერ მივხედავთ ისე, როგორც საჭიროა. ამას სხვანაირი გამოცდილება სჭირდება,“ - აცხადებს კაჭარავა.

როგორც ლოკოკინების ფერმის თანამფლობელი აცხადებს, ინტერესი არსებობდა უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც, თუმცა, გარიგება ვერ შედგა.

მისივე განმარტებით, ფერმაში არის 150 ტონა წყლის საცავი ცისტერნები, 2 არტერიული ჭა, ფერმამდე მიყვანილია გზა, ტერიტორიაზე  ლოკოკინების ჩასასმელი სივრცე (104 სექცია), ხის პალეტები 7420 ცალი, მინდვრის სარწყავი სისტემა, მოწყობილია სივრცე ლოკოკინის გასაშრობად, მოწესრიგებულია მთლიანი ეზოს განათება, ფერმაში არსებობს სრული ინვენტარიზაცია (ხელსაწყოები), წისქვილი და ასე შემდეგ.

"ბიზნესპარტნიორი"  ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში არსებული ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპსაც" დაუკავშირდა, ხომ არ დაინტერესდება "აისბერგის" შესყიდვით, სადაც განაცხადეს, რომ კომპანიის საკუთრებაშია 6 ჰექატრზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა და მიმდებარე ლოკაციაზე არსებული 30 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ათვისებსაც "ნადი გრუპი" უახლოეს 1 წელში გეგმავს.შესაბამისად, მისთვის სხვა რაიონში არსებული ფერმა მიმზიდველი არ იქნება. 

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები