ბიზნესი
01/06/2022

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინები ექსპორტზე ესპანეთში გავა

სენაკსა და ხობში წარმოებული ლოკოკინები ექსპორტზე იტალიის შემდეგ ესპანეთშიც გავა.

როგორც ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნელ ქეჩის“ (ნადი გრუპის დაფუძნებული) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოში წარმოებული ლოკოკინა ესპანეთში გაიგზავნება.

2020 წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.

რაც შეეხება მოლოდინებს, ნადარია აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად უკრაინა საერთაშორისო ბაზარს წლიურად დაახლოებით 800 ტონა ლოკოკინას ვეღარ მიაწვდის, ეს ნიშა კი ცარიელი რჩება.

როგორც ცნობილია, „სნელ ქეჩი“ სენაკში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციელებს. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა. პროექტი ითვალისწინებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას, რომელსაც კომპანია ასევე ოქტომბრიდან დაიწყებს. 

კომპანიის საკუთრებაშია  ხობში 6 ჰექატრზე,ხოლო სენაკში 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. ევროპის ბაზარზე ამ დროისთვის 1 კგ ლოკოკინის ფასი 4.5  ევროა.

მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია ლოკოკინების ფერმის 20 ჰა-მდე გაზრდას გეგმავს.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.

 

 

Businesspartner