ბიზნესი
06/04/2021

"საპარტნიორო ფონდის" დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია "იმერეთი გრინერი" გაკოტრების რეჟიმშია

"საპარტნიორო ფონდის" თანამონაწილეობით შექმნილი კიდევ ერთი აგროკომპანია "იმერეთი გრინერი" გაკოტრების რეჟიმშია.

სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სს „საპარტნიორო ფონდმა“ მიმართა და საქმე უკვე წარმოებაშია მიღებული.

"ბიზნესპარტნიორის" ინფორმაციით, "იმერეთი გრინერის" სამუშაო პროცესი არ შეუწყვეტია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, შენარჩუნებულია თანამშრომელთა რაოდენობა. ამ დროისთვის უცნობია კომპანიის ზუსტი დავალიანება, თუმცა უკვე ჩანიშნულია კრედიტორთა პირველი კრება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

წარმოების პროცესის დასრულებამდე კომპანიას ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე; კრედიტორებს კი აქვთ შესაძლებლობა ვალის წარმოშობის საფუძვლით სასამართლოს მიმართონ. ამავდროულად შეჩერებულია მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. 

"იმერეთი გრინერს" სასათბურე მეურნეობა სამტრედიაში აქვს. დასაქმებულია 30-მდე ადამიანი, კომპანია წარმოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე სალათის ფოთლებითა და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს.

"იმერეთი გრინერი" „საპარტნიორო ფონდისა“ და ჰოლანდიური კომპანიის ერთობლივი პროექტია. კომპანიის 62,35%-იანი წილის მფლობელი სწორედ Georgian Fresh Holding B.V.-ია, 37,65%-ს კი "საპარტნიორო ფონდი" ფლობს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4.2 მლნ ევროს შედაგენდა.

შეგახსენებთ, რომ "საპარტნიორო ფონდმა" გაკოტრების რეჟიმში მყოფი ლურჯი მოცვის კომპანია „ვანრიკ აგრო“ აუქციონზე 2020 წელს გაყიდა. კომპანიის აქტივები 12,34 მლნ ლარად  კომპანია "ეფკომ" შეიძინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები