ბიზნესი
27/01/2023

საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული "იმერეთი გრინერი" ₾5 მლნ-ად იყიდება

„იმერეთი გრინერი“ აუქციონის წესით ₾5 მლნ-ად იყიდება. კომპანიის მთლიანი კომპლექსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურომ  ელექტრონული აუქციონზე გასაყიდად უკვე გამოიტანა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 3 თებერვალია.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „იმერეთი გრინერის“ საკუთრებაშია არსებული ოთხი უძრავი ქონება, მოძრავი ქონება (ძირითადი საშუალებები და დაუმთავრებელი მშენებლობა, არამატერიალური აქტივები - დებიტორული დავალიანებებისა და სასარგებლო წიაღისეული მოპოვების ლიცენზიის სახით).

შეგახსენებთ,“იმერეთი გრინერი“ საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული კომპანიაა, რომელიც 2021 წლის 24 მარტიდან გაკოტრების რეჟიმშია.

შპს „იმერეთი გრინერიმ“ ფუნქციონირება 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო. მისი პარტნიორები საწყის ეტაპზე იყვნენ ფიზიკური პირები (მამუკა ხაზარაძე, ბობ მეიერი, ბადრი ჯაფარიძე და ლევან ბაღდავაძე), ასევე - ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია შპს. „Food ventures Georgia B.V“.

„საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობა კომპანიამ 2015 წლის 4 დეკემბერს დაიწყო, როდესაც „საპარტნიორო ფონდს“, შპს „იმერეთი გრინერისა“ და Georgian Fresh Holdings B.V-ს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლითაც საფუძელი ჩაეყარა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებას. 

 პროექტი გულისხმობდა ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის გამოყენებით კიტრის, პომიდვრისა და სალათის ფურცლის სასათბურე მეურნეობის შექმნას 3 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 3 ფაზად. დღეის მდგომარეობით, განხორციელდა მხოლოდ 2 ფაზა და სათბური გაშენებულია 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე. I და II ფაზების ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 4.2 მლნ ევრო, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 1.4 მლნ ევროა.

დღეისათვის შპს „იმერეთი გრინერის“ წილები გადანაწილებულია შემდეგნაირად:

  • სს „საპარტნიორო ფონდი“ – 37.65%;
  • „Georgian Fresh Holdings B.V” – 62.35%. 
Businesspartner