ბიზნესი
22/09/2022

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება

„ჯეო ნატურალსმა“ ასორტიმენტი გააფართოვა. როგორც კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტმა ამიკო კალანდიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,ამ ეტაპზე, დიდ ქსელურ მარკეტებში (კარფური, ფრესკო, ორი ნაბიჯი და ა.შ.) ძირითადად, მოშუშული ხორცის კონსერვები იყიდება, სექტემბრის ბოლოს კი ქსელებში ახალი გემოები შევა.

 „თუ აქამდე კომპანია 12 დასახელების პროდუქციას ვაწარმოებდით, ახლა ეს რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ასორტიმენტი მზა სადილის კუთხით უფრო გამრავალფეროვნდა.  მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მზა ფორმით საცივი, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ოსტრი, ჩახოხბილი, ხარჩო, ფლავი, კუპატი. დამატებულია თევზიც (5 დასახელების). ყველა ეს პროდუქცია დაკონსერვებული სახით  იყიდება, რომელსაც მხოლოდ შეთბობა სჭირდება,“-აცხადებს კალანდია.

მზა სადილები 400 გრამიან თუნუქის ქილებში იყიდება, თევზის პროდუქცია კი - 160  და 240 გრამიან კონსერვებში.  მისი განცხადებით, „სადილის“ განახლებული მენიუ და პროდუქცია საშუალო სეგმენტის  მომხმარებელზეა გათვლილი.

„ეს არის ახალი სეგმენტი, რომელსაც ვითვისებთ. საუბარია იმ კატეგორიაზე, რომლებიც გასვლით ტურებზე დადიან და მათთვის ძალიან კომფორტულია ბაზარზე მსგავსი სახით კერძების არსებობა, ასევე ახალგაზრდა ოჯახებისთვის, ვისთვისაც ქართული ტრადიციული გემოები ძალიან ახლოს არის, თუმცა, მისი მომზადება ცოდნასთან და ბევრ დროსთანაა დაკავშირებული,“-აცხადებს კალანდია.

მისივე განცხადებით, კომპანია ნედლეულს ძირითადად ადგილობრივი ბაზრიდან ყიდულობს.

როგორც „ჯეო ნატურალსის“  კონსულტანტი აცხადებს, პროდუქცია ექსპორტზეც გაიყიდება.  მათ შორის, კანადაში, უკრაინასა და უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში.

შეგახენებთ, "ჯეო ნატურალსი“ პროდუქციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან აწარმოებს. „სადილის“ ბრენდის ქვეშ ყოველდღიურად 10 000 ქილა პროდუქტი იწარმოება. ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი კი 70-ს აჭარბებს. საწარმო სახელმწიფოს საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები