ბიზნესი
08/01/2021

სავაჭრო ცენტრები, შესაძლოა, თანამშრომლების COVID ტესტირების პირობით გაიხსნას

სავაჭრო ცენტრები შესაძლოა თანამშრომლების COVID ტესტირების პირობით გახსნან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, დაწყებულია სასულიერო პირების, სხვადასხვა კონფესიის ტესტირება, ასევე ბაზარში მოვაჭრეების და ტაქსის მძღოლების.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ ყველა ის ჯგუფი, რომელსაც შეხება აქვს ადამიანებთან. რაც შეეხება ბიზნესებს, მიდის მუშაობა, რომ გარკვეული  ბიზნესების გახსნის და მუშაობის წინაპირობა შეიძლება იყოს მათი თანამშრომლების ტესტირება,“ - აცხადებს იმნაძე.

კითხვაზე ტესტირება შეიძლება დაიწყოს თუ არა შეზღუდვების მოხსნამდე, იმნაძე განმარატვს, რომ შესაძლოა პარალელურადაც მოხდეს.

მეტი დეტალისთვის „ბიზნესპარტნიორი“  კერძო სექტორს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესი ამ დროისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის, შესაბამისად, ისინი მცირე კომენეტარით შემოიფარგლნენ.

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე „ბიზნსპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მათ მთავრობასთან  ბოლო დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„სახელმწიფოს აქვს პროგრამა მოსახლეობის უფასო ტესტირების. ანუ რა იგულისხმება, უფასო ტესტირების ნაწილში ჩვენ როგორ უნდა ჩავერთოთ?არ ვიცი, ამის შესახებ არ მსმენია“-აცხადებს კახა ხაზარაძე.

აღნიშნულის შესახებ  არ სმენია “რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორ რეზო მაღალაშვილსაც. „არაფერი ვიცი. აქამდე ტესტირებაზე მოთხოვნა არ ყოფილა. ალბათ დაგველაპარაკებიან უფრო კონკრეტულად. ზოგადად, ძალიან მცირე სტატისტიკა გვაქვს, ჩვენს ქსელში, თანამშრომლების ავადობა 1%-ზე მეტი არ ყოფილა. მომატებული რისკი თანამშრომლებში არ გვქონია. თუმცა, არ ვიცი, ვნახოთ, თუ სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება შევასრულებთ, თუ რეკომენდაცია იქნება -  გავითვალისწინებთ,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

სავაჭრო ცენტრები რომ  შესაძლოა თანამშრომლების COVID ტესტირების პირობით გახსნან, აღნიშნულის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია არც სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინტში“.

 

 

Businesspartner