ბიზნესი
19/05/2021

სენსორული ღილაკების მწარმოებელი sensor.ge ადგილობრივი ბაზრის ათვისებას გეგმავს

სენსორული ღილაკების მწარმოებელი სპარტაპი sensor.ge ადგილობრივი ბაზრის ასათვისებლად მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს.

სამიზნე სეგმენტი პირველ რიგში საავადმყოფოები, სასტუმროები და სამშენებლო კომპანიები იქნება, თუმცა კომპანია განახლებული ღილაკებით არა მხოლოდ ახალ და მშენებარე, არამედ ძველი კორპუსების ლიფტებსაც მოემსახურება.

„საავადმყოფოებთან კომუნიკაცია ყველა მარტივად შედგა, მათ ყველაზე უკეთ ესმით, რომ პირველ რიგში სტანდარტი თავად უნდა დანერგონ. ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ინტერესს გამოხატავენ სასტუმროებიც და მაშინ, როცა მომხმარებელი ჯერ კიდევ დაცულ გარემოს ეძებს, კონკურენციის თვალსაზრისით ამ მახასიათებელს, ვფიქრობ, ბევრი გამოიყენებს. საქართველოში თითქმის არ არსებობს ლიფტის სახეობა, რომლეზეც ჩვენი ღილაკები ვერ დამონტაჟდება,“ - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან" sensor.ge-ს დაფუძნებელმა ლევან ჩიტაძემ.

ადგილობრივ ბაზარზე კონცენტრაცია, მეტწილად, გართულებულმა საექსპორტო ვითარებამ განაპირობა. ძირითადი პარტნიორები ინდოეთში ეპიდემიოლოგიური კრიზისის გამო შესყიდვებს ვეღარ ახერხებენ, დაპაუზებულია მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან (გერმანია, ინგლისი, თურქეთი), ამ შემთხვევაში მიზეზი ISO სტანდარტის არქონაა, რომლის მისაღწევადაც კომპანიას დანადგარების შეძენა, ამისთვის კი ფინანსური რესურსი ესაჭიროება.

„საერთაშორისო გაყიდვების პირველი კვარტლის შედეგებით საწარმოო 3D პრინტერის და რობოტის შეძენას ვგეგმავდით, ეს ყველაფერი სამუშაო პროცესს უფრო მოქნილს და სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად შესაბამისს გახდის. გეგმები გადაგვივადდა, საჭირო 150 000 დოლარის მობილიზება, ადგილობრივი ბაზრის ათვისებით მოგვიწევს. თუმცა, ახალი გეგმა უფრო მეტად რეალისტურია და გვჯერა, რომ ISO სერთიფიკატის აღების შემდეგ ევროპის ბაზარზე თავისუფლად გავალთ,“ - განმარტა ლევან ჩიტაძემ.

sensor.ge ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები