ბიზნესი
04/05/2021

შოთა ბურჯანაძე: შესაძლოა, დამსაქმებლებმა ვაქცინირებულ დასაქმებულებს პრივილეგიები მიანიჭონ

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ბიზნესის ნაწილი მიესალმება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს გარემოება ქვეყანაში ტურისტებს მოიზიდავს.

თუმცა, შოთა ბურჯანაძე აქვე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ანტივაქსერია, რაც ამ პროცესს ხელს შეუშლის. რესტორატორი მიიჩნევს, რომ პროცესის წახალისების მიზნით, დამსაქმებლებმა ვაქცინირებულ დასაქმებულებს შესაძლოა პრივილეგიები მიანიჭონ.

„ეს დადებითი იმპულსია ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ სფეროს, სადაც მომსახურებას იღებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულწილად პრიორიტეტი ენიჭებოდეს. ეს პროპაგანდა ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ დადებითის მომტანია. ასევე, საქართველოში უფრო მეტი ანტივაქსერია, ვიდრე მომხრე. სახელმწიფოს მხრიდან არ არის სავადებულო ვაქცინაცია და რა თქმა უნდა, ეს ვერც დამსაქმებლის მხრიდან გახდება. მაგრამ, შესაძლებელია, დამსაქმებელმა თავად შეიმუშაოს ვაქცინირებული დასაქმებულებისთვის გარკვეული „პროფიტი“ და არავაქცინირებულებისთვის ვთქვათ, ბონუსი არ გამოყოს, ან ასე შემდეგ. ამ პრიორიტეტს დამსაქმებელი თავად განსაზღვრავს“,- განმარტა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. ასევე, პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

მთავარი სიახლეები