ბიზნესი
16/07/2021

"სისულელეებზე ფიქრისთვის ნაკლები დრო გვექნება" - ლაშა პაპაშვილი სამუშაო საათების ცვლილებაზე

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივას ჯანსაღს უწოდებს და აცხადებს, რომ კარგია, თუ  საჯარო სექტორი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესმენის აზრით, ამას ბიზნესი  ინდივიდუალურად მოერგება.

როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სამუშაო დღის ადრე დაწყება განსაკუთრებით კარგი და ეფექტური ზაფხულშია.  

„საქართველოში 6-7 თვე ზაფხულია, ამ პერიოდში მაინც შეიძლება სამუშაო დღის 08:00 საათზე დაწყება. ბედნიერების ინდექსით ვერ გესაუბრებით რა გავლენას მოახდენს, მაგრამ მართლმადიდებლური ინდექსით კარგია,“ - აცხადებს პაპაშვილი.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ბიზნესმენი  მაგალითად “რედიქს ჯგუფში“ სამუშაო დღის 08:00 საათზე დაწყებას და რამდენად თავისუფლადაა ეს შესაძლებელი, პაპაშვილი განმარტავს, რომ თავისუფლად ქართველებს არაფერი შეუძლიათ.

„რაც ქამრის შემოჭერას ითხოვს, ის ყოველთვის სიძნელეებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ინიციატივა ჯანსაღია, ამიტომ, კარგი იქნება თუ ეს საკითხი საკონონმდებლო ორგანომდე მივა. კერძო სექტორი მაინც თავისუფალია, როგორც უნდა ისე იმუშავებს, საკანინმდებლო თვალსაზრისით, ალბათ უფრო საჯარო სტრუქტურების სამუშაო განრიგი უნდა დარეგულირდეს. დღეს საჯარო სექტორი მუშაობას 09:00 საათზე იწყებს, ეს უნდა შეიცვალოს. კერძო ინსტიტუტები როგორ დაგეგმავენ ეს თავიანთი საქმეა. თან სისულელეებზე ფიქრისთვის ნაკლები დრო გვექნება. ვგულისხმობ,ღრეობას, გართობას. როდესაც 08:00 საათზე სამსახურში უნდა იყო, 06:00 საათზე მაინც უნდა გაიღვიძო, ასეთ დროს აღარ გექნება საშუალება სისულელეები ჩაიდინო,“ - აცხადებს პაპაშვილი.

რესტორატორთა ასოციაცია“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის. როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა, კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, აღნიშნული გაზრდის ადამიანებში ბენდნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.

Businesspartner