ბიზნესი
12/01/2021

სითი მოლი: მთავრობას გახსნის სანაცვლოდ კლიენტის COVID-ტესტირებას ვთავაზობთ

„სითი მოლის“ დირექტორი, ლევან მესხელი მთავრობისა და სავაჭრო ცენტრების  გუშინდელი შეხვედრის დეტალებს „ბიზნესპარტნიორს“ უყვება და აცხადებს, რომ კერძო სექტორი გაურკვევლობაშია, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, მათ შორის, უცნობია, 1 თებერვალს რეალურად გაიხსნება თუ არა ეკონომიკა, რა პირობით და რა რისკი შეიძლება არსებობდეს, რომ ხელისუფლებამ ისევ გადაწყვიტოს გახსნის შემდეგ სავაჭრო ცენტრების დახურვა.

“ვიცით, რომ თებერვლამდე არ გავიხსნებით, მაგრამ როდის გავიხსნებით არ ვიცით. არ ვიცით რა კრიტერიუმებია გახსნისთვის აუცილებელი და რა არის წინაპირობა, როგორ მიიღება გახსნა-დახურვასთან გადაწყვეტილება. ჩვენ ეს კითხვა გვქონდა და მთავრობისგან ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ,“ - აცხადებს ლევან მესხელი.

როგორც „სითი მოლის“ დირექტორი აცხადებს, სავაჭრო ცენტრები არასდროს ყოფილა კორონა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი. თუმცა, მთავრობას ამ კითხვით და თხოვნითაც მიმართეს, რომ თუ არსებობს რაიმე სტატისტიკური მონაცემი, რომ  მოლები არის მოსახლეობისთვის ინფიცირების წყარო და მომატებული რისკი, წარმოადგინონ.

„ასეთ დროს შეიძლება ჩვენ თვითონაც აღარ მოვინდომოთ გავხსნათ ხომ? თუ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მცდარი და დიდი ალბათობით-გადაჭარბებული. ეს არის  ჩვენი მიდგომა და აქედან გამომდინარე ვითხოვთ წარმოგვიდგინონ მონაცემები, ამაზე რა თქმა უნდა პასუხი ვერ მივიღეთ,“ - აცხადებს ლევან მესხელი.

როგორც მესხელი აცხადებს, განიხილება სავაჭრო ცენტრების ხარჯით თანამშრომლების ტესტირება, თუმცა მოხდება თუ არა ამ პირობით მოლების გახსნა, უცნობია. „შევთავაზეთ შემომსველი კლიენტის ე.წ სწრაფი ტესტით გატესტვაც, თუმცა, ვთხოვეთ, რომ ეს ტესტები მთავრობამ მოგვცეს. მოგვისმინეს და გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან,“ - აცხადებს ლევან მესხელი.

როგორც „სითი მოლის“ დირექტორი აღნიშნავს, ეს ხარჯი  მინიმალური პრობლებაა იმასთან, რაც მათ გასული წლის მარტიდან მოყოლებული აქვთ.

„რა თქმა უნდა, პრობლემურია, თუმცა თუ გახსნისთვის აუცილებელია და საჭიროა, თანახმა ვართ. ამაზე პრობლემაც არ შევქმნით, განსაკუთრებით, თუ ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას წაადგება,“ - აცხადებს ლევან მესხელი.

შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც ამას მთავრობა უწოდებს, 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები