ბიზნესი
10/10/2022

Soma Kids - ახალი საბავშვო ბრენდი ქართული ორნამენტებით

Atelie Soma-მ ძველი ქართული ორნამენტების ინსპირაციით საბავშვო სამოსის ბრენდი Soma Kids შექმნა.  

როგორც ატელიეს დამფუძნებელი სოფიო ტუაევი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ბავშვის სამოსი საქართვეელოში პირველია, რომელიც მაღალი ხარისხის, ბამბის დიდი შემცველობის ქსოვილით არის დამზადებული.

„ტექსტილის მიმართულებით წლების გამოცდილება გვაქვს. ჩვილი ბავშვის სამოსის წარმოება ერთი თვეა დავიწყეთ. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქსოვილს, თავად ვიყავით ადგილზე ჩასული ნედლეულის მოსაძიებლად და იმის სანახავად თუ როგორ, რა პრინციპით უნდა ხდებოდეს წარმოება. დეტალურად გავეცანით ამ ყოველივეს და ჩვენ პროდუქტს აქვს ეკოლოგიურად სუფთა სამი სახის შეფუთვა, რომელსაც მყიდველი თავად აირჩევს - ეს შეფუთვები არის ხის ყუთი, ქაღალდის ყუთი და ნაჭრის ქართული ქისა.

ჩვენი პროდუქტი კონკურენტებისგან კიდევ იმით გამოირჩევა, რომ მასზე ნაქარგის სახით გადმოტანილი გვაქვს ძველი ქართული ორნამენტები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მდგრადი მოდის თემა და შევიმუშავეთ ნარჩენების მიმართულებით ასეთი სტრატეგია. შესაბამისად წარმოებისგან მიღებული ნარჩენები არ მოხვდება სანაგვე ურნაში, არამედ მივცეთ მათ ახალი სიცოცხლეს, უკვე ვქმნით შინაური ცხოველებისთვის საძილე ტომრებს," - აღნიშნავს სოფიო ტუაევი.

პროდუქტის შეძენა საწყის ეტაპზე ონლაინ მაღაზიების მეშვეობით მოხდება. ბრენდი ამ ეტაპზე მოლაპარაკებას აწარმოებს ორ მაღაზიასთან, სადაც სტენდების განთავსებაა გეგმაში.

"გვინდა ასევე სამშობიარო კლინიკებთან თანამსრომლობა, რათა მოხდეს სასაჩუქრე ბოქსების შეტანა. ამასთან, საწარმოს შედარებით შორეულ სამომავლო გეგემებში შედის გაფართოვება და ექსპორტზე გასვლა.

შეგახსენებთ, რომ Atelie Soma ქალაქ გორში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და საწყის ეტაპზე მისი მიმართულება სამოსის ინდივიდუალურად შეკერვა/გადაკეთება იყო. 1 მკერავით დაწყებული ბიზნესი ახლა რამდენიმე თანამშრომელს აერთიანებს და მუდმივად განვითარების პროცესშია.  

 

Businesspartner