ბიზნესი
15/03/2023

სვანიძე - "კარფურმა" ჩვენი ზეთი მსოფლიო მასშტაბით პრემიუმ ხაზში განათავსა

2024 წლისთვის საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთი 30-მდე ქვეყანაში გაიყიდება.

კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი, გიორგი სვანიძე განმარტავს, რომ ამის მიზეზი "კარფურთან" (შპს Majid Al Futtaim Hypermarkets) გაფორმებული გლობალური ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზე მაღაზიათა ქსელმა პროდუქციას ცალკე, პრემიუმ ხაზი გამოუყო.

გიორგი სვანიძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე ქართული ზეთისხილის საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრა.

„დღესდღეობით, როდესაც ქართული ზეითუნის ზეთი ესმის ნებისმიერ სხვა ქვეყნის მეწარმეს, ან დისტრიბუტორებს, ის წარმოიდგენს, რომ საუბრობს Bentley-ზე, Maybach-ზე, Rolls Royce-ზე. სწორედ ასეთი მაღალი ხარისხის ზეთი მივიღეთ. შესაბამისად, ფასიც უკვე მაღალია. ჩვენ ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანაში შეგვაქვს ზეთი. მათ შორის ჰოლანდიაში, საუდის არაბეთში. გვქონდა რუსეთისა და უკრაინის ბაზარიც.

"კარფურმა" ქართულ ზეითუნის ზეთს ცალკე ხაზი, პრემიუმ ხაზი გამოუყო. ეს კომპანია  შესულია თითქმის 28 ქვეყანაში და ჩვენც "კარფურის" ხაზით ავტომატურად შევდივართ 28 ქვეყანაში. მომავალი წლის ბოლოს თითქმის 28 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი ქართული ზეითუნის ზეთი“,- განაცხადა სვანიძემ.

Businesspartner