ბიზნესი
19/04/2022

თამბაქოს იმპორტიორები სექტემბრამდე შეღავათით ისარგებლებენ

თამბაქოს იმპორტიორები და მწარმოებლები 2022 წლის სექტემბრამდე გარკვეული შეღავათით ისარგებლებენ. ცვლილებას "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. 

ცვლილება ეხება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვას. სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება, თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილება გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა. მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. 2021 წლის მონაცემებით კი, უკრაინიდან იმპორტირებული სიგარეტი, ჯამში, საქართველოში იმპორტირებული სიგარეტის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ომის გამო, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში შეუძლებელია პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსება/დაბეჭვდა. 

"მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელთა მიერ განხორციელდება იგივე ან/და სხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, სხვა ალტერნატიული ქვეყნებიდან. იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელებს შეექმნათ საქმიანობისათვის ხელსაყრელი გარემო და მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ იქონიოს იმპორტის გადასახდელების შემოსავლებზე სახელმწიფო ბიუჯეტში, დგინდება გამონაკლისი", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

მოქმედი კანონმდებლობით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდილი უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული, შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს. კანონში ჩნდება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის სექტემბრამდე კომპანიას შესაძლებლობა ექნება, ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. მათ შორის, უფლება ექნებათ, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის სახით დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, სტიკერების დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო მოწყობის ტერიტორიაზე. 

გარდა ამისა, კანონპროექტით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელს და იმპორტიორს ექნება შესაძლებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის), სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელთამბაქოს ან თამბაქოს ახალ ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე ინფორმაცია წარუდგინოს განსხვავებული წესით და პირობებით.

 

 

 

Businesspartner