ბიზნესი
08/08/2022

Tasmani: ხელით ნაქარგ აქსესუარებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია

Tasmani პანდემიის დროს შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ხელით ნაქარგ თმის და სამოსის აქსესუარებს სთავაზობს.

როგორც Tasmani–ს დამფუძნებელი ნინო კილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ყველა აქსესუარი ხელნაკეთია.

"ქარგვა და ქსოვა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ შემოსავლის წყაროდ არ აღვიქვამდი. პანდემიის დროს დავკარგე სამსახური, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა თავისუფალ დროს და დავიწყე ჭრა-კერვის უკეთესად შესწავლა. 2021 წლოის აგვისტოში კი საქმიანობა ბიზნესად ვაქციე, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ნებისმიერ სახის სამოსს ვკერავ, თუმცა ამ ეტაპზე დიდი მოთხოვნის გამო ორიენტირებული ვართ თმის და სამოსის აქსესუარებზე. ბაფთების და საყელოების ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსებისთვის, ვამზადებთ ბიჭებისთვისაც პერანგის ბაფთებს. ასევე, ვიღებთ მოქარგულ ჩანთებზე შეკვეთებს, შემოდგომიდან კი აქტიურად დავიწყებთ ჩანთების კერვასაც.

აქსესუარებს ვამზადებ სახლში, ყველა აქსესუარი არის ხენაკეთი, იქარგება ხელით. ვფიქრობ, კონკურენტებისგან გამოვირჩევით პროდუქტის მრვალფეროვნებით, არაა შეზღუდული მომხმარებელი ნაქარგში რაიმე დეტალის, ფერის ან მაქმანის შეცვლაში."–ამბობს ნინო კილაძე.

 

Tasmani–ს აქსესუარების შეძენა მომხმარებელს ონლაინ შეუძლია. თუმცა, სამომავლო გეგმაშია რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის გახსნა. რაც შეეხება ფასებს, მინიმალური ფასი 20 ლარიდან იწყება და 45 ლარამდე მერყეობას, გააჩნია ნაქარგის ზომას, ასევე ექსკლუზიურ ნაქარგს სხვა ფასი აქვს.

"ნამუშევრებზე მოთხოვნა ძალინ მაღალია. არის შემთხვევებიბ, რომ უბრალოდ ვერ ვასწრებთ დამზადებას. საშუალო საფასო კატეგორიაზე ვმუშაობთ. ამასთან, კორპორატიულ შეკვეთებსაც ვიღებთ, რა შემთხვევაშიც, რაოდენობიდან გამომდინარე სხვა ფასები მოქმედებს.

სამომავლოდ აუცილებლად ვფქირობთ გაფართოებას, თანამშრომლების აყვანას და პატარა მაღაზიის გახსნას სტენდის სახით, ასევე პროდუქციის გამრავალფეროვნებას. არ გამოვრიცავთ რომელიმე საგრანტო კონკურსში მონაწილეობასაც. აქამდე პროექტში ჩადებული იმვესტიცია კერძოა."– ამბობს, Tasmani–ს დამფუძნებელი.

 

Businesspartner