ბიზნესი
24/09/2020

თბილისის რომელ უბანშია ბინებზე მოთხოვნა - როგორ შეცვალა COVID-19-მა უძრავი ქონების ბაზარი

უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მათ, ვისაც საცხოვრებელი ფართის შეძენა სურდათ საშუალო სეგმენტიდან ე.წ ეკონომ სეგმენტში გადაინაცვლეს, რამაც ბაზრის მთლიანი მოცულობა შეამცირა.

„გაყიდვები გააქტიურებულია ეკონომ სეგმენტში, ანუ თბილისის გარეუბნებში. გლდანი, დიდი დიღომი და ისანი-სამგორია გაყიდვების რაოდენობის მატების მთავარი მამოძრავებელი. ზოგადად, ბაზარზე ფასები დაწეულია, რამაც უძრავი ქონების ბაზრის მოცულობის შემცირება გამოიწვია, მაგრამ ტრანზაქციები დაახლოებით 85%-ით აღდგენილია. ახლა მთავარი გამოწვევა სავალუტო კრიზისია. კურსი საკმაოდ მაღალია და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი ბარიერი სწორედ სავალუტო მდგომარეობაა“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ უძრავი ქონების პლატფორმის „ლივოს“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩუმაშვილმა.

მისივე ვარაუდით, შედარებით ბაზრის აქტიური დინამიკა წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ამავდროულად ის 2021 წელს იპოთეკური სესხების პროგრამის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მომავალი წლის პირველი ნახევრის მოთხოვნა გადმოვა ამ პერიოდში. ნოემბერი-დეკემბერი საკმაოდ აქტიური უნდა იყოს. სავარაუდოდ, დეველოპერები ფასებში მცირე კორექტირებებს შეიტანენ და ის დაიწევს. თუმცა, მეორადი უძრავი ქონების მიმართულებით პირიქით, კლება გვაქვს.

უძრავი ქონების დეველოპერებისთვის 2021 წლის პირველი ნაწილი საკმაოდ რთული იქნება. თუ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა არ გაგრძელდება უძრავ ქონებაზე ფასებიც დაეცემა და ტრანზაქციებიც შემცირდება“,- აღნიშნა „ლივოს“ დამფუძნებელმა.

 

Businesspartner