ბიზნესი
16/03/2023

"თეგეტა ჰოლდინგის" იურიდიული დირექტორი თამარ წიკლაური გახდა

„თეგეტა ჰოლდინგს“ პირველი იურიდიული დირექტორი ჰყავს და ამ თანამდებობას თამარ წიკლაური იკავებს. ახალგაზრდა იურისტი, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის იურიდიულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. 

„თეგეტას“ იურიდიული დეპარტამენტი ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებსაც ემსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ 30-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, საერთაშორისო მიმართულების თითოეული  პროექტი დეპარტამენტის იურიდიული მხარდაჭერით ხორციელდება.

„თეგეტაში“ მოსვლამდე საჯარო სექტორში თითქმის 10 წელი გაატარა, სადაც საჯარო რეესტრის რეფორმირების პროცესში იყო ჩართული და მონაწილეობდა ბიზნესის რეგისტრაციის სისტემის შექმნაში, მათ შორის, ბიზნესის ონლაინ რეგისტრაციის განვითარების მიმართულებით.

შვიდი წლის წინ გადაწყვიტა, რომ ძირეული ცვლილებების დრო დადგა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში იურისტის ვაკანტურ ადგილზე მისულს იურიდიული დეპარტამენტი ჩააბარეს.

„თეგეტაში“ 2018 წელს დაიწყო მუშაობა და ზუსტად ერთი წლის თავზე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა, 2022 წელს კი - იურიდიული დირექტორი.

თამარ წიკლაური, „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დირექტორი: „ასეთი დიდი კომპანიის პირველი იურისტობა მარტივი არ არის. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან კომპანიის მხრიდან უდიდეს ნდობას ემყარება . „თეგეტას“ პირველი იურისტობა მოითხოვს დიდ შრომასა და ენერგიას, ბევრ ადამიანთან კომუნიკაციას, შეზღუდულ დროში ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას. უკვე მეხუთე წელია, კლასიკურ კერძო კომპანიაში ვარ და აქ დავინახე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბიზნესს სჭირდება - მოქნილობა. ჩვენი ფუნქცია არ არის ბიზნესის დამუხრუჭება, ჩვენი ფუნქციაა რისკების განსაზღვრა და სწორი მიმართულებების მიცემა - გზის გახსნა“.

დღეს მისი გუნდი, იურიდიულ საკითხებთან ერთად, კომპანიის შიდა ბიზნესპროცესებს, შიდა რეგულაციების ISO სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე საქმისწარმოებისა და არქივის მიმართულებას უძღვება. ამ მიმართულებების უმთავრესი მიზანია ჰოლდინგის დოკუმენტბრუნვის სრულად ავტომატიზაცია. ამჟამად აპლიკაციაზე მუშაობენ, რათა უკვე ტელეფონით შეძლონ ნებისმიერი დოკუმენტის წარმოება.

თამარ წიკლაური, „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დირექტორი: „თეგეტაში“ ვხედავ პროცესების გაუმჯობესების, აგრეთვე ერთგვაროვანი მიდგომებისა და სტანდარტების დადგენის საჭიროებებს. ჰოლდინგის ზრდასთან ერთად, ჩვენი გამოწვევაა, შენარჩუნდეს „თეგეტას“ მაღალი სტანდარტი ყველგან, თუნდაც პატარა ზომის შვილობილ კომპანიაში. საქმის განმუხტვის კუთხით, ვგეგმავთ გარკვეული მიმართულებების რობოტიზაციას, რაც ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. გავაგრძელებთ ფურცლების ამოღების პროექტის მთლიანი ჰოლდინგის მასშტაბით დანერგვას, რათა ყველა შვილობილ კომპანიაში საბოლოოდ გავაქროთ ქაღალდის საჭიროება“.

გამოწვევა მიღებულია, ახალი მიზნებიც დასახულია, რომელთა განხორციელებასაც თამარ წიკლაური, „თეგეტას“ გუნდთან ერთად, მიმდინარე წელს გეგმავს.

 

 

 

Businesspartner