ბიზნესი
15/01/2021

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

„ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, თუმცა, ისმის კითხვა, რას ვაკეთებთ ჩვენ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რატომ არ ვმართავთ აქედან ჩვენივე ქვეყანას? რა საჭიროა ის მმართველი და მოუქნელი აპარატი, რომელიც განლაგებულია რეგიონებში, სოფლებში, დაბებში. რა საჭიროა ამდენი საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარეები, ამდენი მოადგილეები. თუ სოფელში უნდათ მართვაში მონაწილეობის მიღება, ეს უნდა იყოს საზოგადოებრივ საწყისებზე. ამაში ფულს არ უნდა იხდიდნენ. მე რომ ახლა რომელიმე საბჭოში მიმიწვიონ, რატომ უნდა ავიღო ამაში ანაზღაურება? მე  უნდა მიმიწვიონ იმიტომ, რომ ჩემი აზრი გაითვალისწინონ მართვაში და ამაში ფული არ უნდა გადამიხადონ. ჩვენ კი ყველაფერში ვიხდით ფულს, რომელიც არ გვაქვს,“ - აცხადებს ჭყონია.

მისივე განმარტებით, ქვეყნის მართვისას ახალი ტექნოლოგიები არ გამოიყენება, არადა თავისუფლად შესაძლებელია, მაგალითად, წყალტუბო ამერიკიდან ამერიკელმა მართოს.

„რომ წარვუდგინოთ რომელიმე უცხოელს - ამერიკელს, ინგლისელს წყალტუბოს განვითარების გეგმა, რომ გავუგზავნოთ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ყველა მონაცემი, რაც მათთვისაა საჭირო, სულ რომ არ ჩამოვიდნენ, ამერიკიდან შეუძლიათ ქვეყანა მართონ. დღეს არსებული ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. მარსზე სვამენ დედამიწიდან ღილაკებით თანამგზავრს, ჩვენ კი პირველ საუკუნეში ვართ. შეიძლება ვინმემ მიპასუხოს, რა სტრუქტურა შეიცვალა 30 წლის განმავლობაში საქართველოში? არაფერი და ჩვენი საზოგადოება ამას ყურადღებას არ აქცევს. საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, რომ მოითხოვონ იმ ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მსოფლიოში ინერგება.

მაგალითად, ხარაგაულის მერი შეიძლება ამერიკელი იყოს და არა პირობითად, ლურსმანაშვილი. რატომ არის აუცილებელი, რომ ქალაქის მერიაში მუშაობდნენ მარტო თბილისში და არა რეგიონებში მაცხოვრებლები? თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქალაქის მერიაში შეიძლება მუშაობდეს ფინანსისტი, რომელიც ცხოვრობს ჩიბათში,“ - აცხადებს ჭყონია.  

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სტრუქტურა, რომელიც საქართველოში არსებობს, არ მუშაობს და მახინჯია. ჭყონია დარწმუნებულია, რომ თუ საზოგადოების 60% დაუბრუნდება რეგიონებში არსებულ საკუთარ სახლებს და იქიდან დისტანციურად იგივე კომპანიაში იმუშავებს, მათი შრომის შედეგი გაცილებით ეფექტური იქნება.

„ახლა სხედან ოფისებში, ამთქნარებენ და ერთი სული აქვთ შესვენებაზე  გავარდნენ სადღაც, ჩაჯდნენ მეტროში და ასე შემდეგ. გაუშვით ეს ხალხი, მიეცით თავისუფლება და ტექნოლოგიები. “კოკა-კოლას“ მთელი სისტემა და სხვადასხვა ცნობილი უმდიდრესი კომპანიები იმართება სახლებიდან, მარტო ჩვენ დავდივართ და უნდა ვიაროთ სამსახურში. სად მიდიხარ? სამსახურში, რაზე მიდიხარ? არ აქვს ამაზე პასუხი. დასაქმება არ ნიშნავს სამსახურის მიცემას, უმუშევრობა სხვა რამეა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სამსახური, მაგრამ იყოს უმუშევარი,“ - აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენს თანამედროვე ტექნოლოგიოების გამოყენების მაგალითად „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მოჰყავს.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას საქართველოში 12 წარმომადგენლობა აქვს. იმ დღის შემდეგ, რომლის შემდეგაც ჩვენ დავიწყეთ ინტერნეტის გამოყენება და მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიები ჩავრთეთ, არ დავდივართ რეგიონებში და მათთან ყოველდღიური შეხვედრები ონლაინ რეჟიმში მაქვს, მათი მუშაობის ეფექტიანობა 70%-ით გაიზარდა. ისე კიდევ, გზაში დრო იხარჯებოდა, შემდეგ შეხვედრები, მერე უნდა გვესადილა და ასე შემდეგ. არადა, ყველაფერია ქვეყანაზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კოვიდამდეც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ვმართავდი,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.

 

Businesspartner