ბიზნესი
04/01/2021

თემურ ჭყონია: თუ "ზუმით" ქვეყნის მართვა შეგიძლია ბენზინზე მილიონები არ უნდა ხარჯო

პანდემიურ 2020 წელს „ბიზნესპარტნიორთან“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი, თემურ ჭყონია აჯამებს. იმის მიუხედავად, რომ 2020 მისი კომპანიისთვის წარმატებული იყო, უკვე გასულ წელს მაინც შეცდომას უწოდებს.

„2020 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო. პანდემიამ ახალი რეალობა შექმნა. ერთადერთი გზავნილი „დარჩი სახლში“ იყო. თუმცა, ეს ყველას არ შეეძლო. ამ პროცესში დარღვეული იყო იმის ჰარმონია, რომ ჩვენ კრეატიული ბიზნესმენები ვყოფილიყავით. ძირითადად პრობლემების გადამწყვეტები ვიყავით, ვიდრე შემოქმედებით მომენტებზე ორიენტირებულები. რა ხდება ახლა? მე ვიბარებ ყველას და ვეუბნები, რომ 2020 წელს რაც იყო, იყო შეცდომა. პირდაპირ ვეუბნები იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის წარმატებული წელი იყო. პანდემიის პერიოდში "კოკა-კოლას" რეალიზაციის მატებით საქართველომ მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ვენესუელა იყო. პანდემიის პერიოდში პროცენტული მატებით მთელ მსოფლიოს მოვუგეთ, მაგრამ ამას მოვლა უნდა. ჩვენ ახალს ვიწყებთ. მე აღარ მაინტერესებს 2020“,- აღნიშნა ჭყონიამ.

ის პანდემიის დადებით მხარეზეც საუბრობს. ფიქრობს, რომ ახლა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მართვის სტრუქტურაა შესაცვლელი.

„ჩემი აზრით, პანდემიას დადებითი მოვლენაც ახლდა თან. მან ყველას აჩვენა, რომ ქვეყნის მართვა შეიძლება ახალი ტექნოლოგიებითაც. ხშირ შემთხვევაში მართვა ადამიანის სუბიექტურ დამოკიდებულებაზეა. როგორც მოსწონთ, ისე მართავენ, თუმცა არსებობს ტექნოლოგიები, რომელიც გაიძულებს, რომ შენი აზრი, თვისებები შეცვალო და გახდე იმ დროების თანამოზიარე, თანამოაზროვნე. ვინ როგორ შეიცვლება, წარმატებაც მაგაზეა დამოკიდებული.

პირადად ჩვენ უფრო კომუნიკაბელურები გავხდით, უფრო მეტ თათბირებს ვაწყობთ. რეგიონების მართვა უფრო გაგვიიოლდა და უფრო ხშირიც გახდა. მართვის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. ძალიან ბევრმა კომპანიამ, დიდმა კომპანიებმა შეცვალეს მართვის სტრუქტურა და ბიუროკრატია შეამცირეს. შეიძლება ვინმემ თქვას, შეამცირეს, ხალხი უმუშევარი დარჩაო, მაგრამ ასე არ ხდება. ადამიანი, რომელიც შემცირებაში მოჰყვა, ისიც პოულობს შემოქმედებით თავისუფლებას. იწყებს ახალ ცხოვრებას. შეიძლება, უკეთესს, ვიდრე ჰქონდა. თუ წინა ცხოვრება არ მოსწონს, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიწყოს თავიდან. თუ ამის ვაჟკაცობა აქვს, ცხოვრებაც გაუხანგრძლივდება“,- განაცხადა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა.

თემურ ჭყონიას განმარტებით, სირთულეების მიუხედავად, კერძო სექტორმა ბიუჯეტში თანხის შეტანით მისი დახმარება შეძლო.

„საზოგადოებამ ბიზნესს უფრო მეტი პატივი უნდა სცეს. იქიდან გამომდინარე, რომ უცხოური ინვესტიციები არ შემოდიოდა, აქტიურობა დაბალი იყო, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შეინარჩუნეს ბიუჯეტთან ისეთი ურთიერთობა, რომ ის ბოლომდე არ ჩამოქცეულა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბიზნეს შრომისა და გამბედაობის ხარჯზეა. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას ჰგონია, რომ ბიზნესმენი თავისთვის აკეთებს მარტო. გადასახადებიდან გამომდინარე პროცენტულად რომ დაახარისხო, ჩვენი შრომის დიდი პროცენტი სახელმწიფოს, კარგი გაგებით, ბიუროკრატიულ შენახვაზე მიდის“,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება 2021 წელს, ჭყონია ამბობს, რომ ახლა რადიკალური და მეტიც, რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღების დროა. ბიზნესმენის განმარტებით, ბიუროკრატიული ხარჯები საგრძნობლად უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.

„ახლა აზროვნების დროა და არა ჩვევების. აზროვნების და ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებების დროა, რაც არ უნდა რადიკალური იყოს ის. დიდი შედეგის მომტანი რადიკალური გადაწყვეტილებებია. ჩვენ არც მწვადის დაწვა გვინდა და არც შამფურის და ასე ვერ ვიცხოვრებთ. ქვეყნის ამხელა ბუჯეტს ამხელა მმართველები არ სჭირდება. მით უმეტეს, ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე. რამდენი წელი გავიდა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან და დღესაც ახსენებენ ხოლმე, ბენდუქიძემ ეს რომ გააკეთა, ის რომ გააკეთაო. ესეიგი, ადამიანმა უამრავი კრიტიკის მიუხედავად ისეთი რაღაც გააკეთა, მაინც თავისი კვალი დატოვა. მთავრობაში ამბობენ, ჩვენ ვაკეთებთ რეფორმებსო. ეს არ არის საკმარისი. ეს დეკლარირებაა ჩემ დასაწყნარებლად. ჩემი დაწყნარება თუ უნდათ, შეუძლიათ წყნარად იყვნენ, მე ძალიან წყნარად ვარ. რადიკალური გადაწყვეტილება არ არის ყოველთვის პოპულარული. რადიკალური გადაწყვეტილება ყოველთვის არაპოპულარულია, მაგრამ ისტორიული. ან უნდა იყო ისტორიული პიროვნება რადიკალური გადაწყვეტილებით, ან თანმდევარი ცხოვრების, რომელიც არც ქვეყანას გამოადგება და ვერც შენს კვალს დატოვებ.

პირველი სამი თვე უნდა იყოს ისეთი რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღება, რომ გაზაფხულზე ხალხმა სხვანაირად უნდა შეხედოს ცხოვრებას. ჩვენ ვინ გვიჯერებს, თორემ სულ შევცვლიდით ყველაფერს. ხარჯები 60%-ით რომ შეამცირო, დედას ვფიცავარ, თუ ვინმეს დააკლდეს. თუ შენ შეგიძლია ზუმით მართო ქვეყანა, რაში გჭირდება ბენზინზე გამოყო მაგალითად, 62 მილიონი ლარი. შეიხი ხარ, თუ რა არის ეს?! მგონი, მთელი არაბეთის საბადოს ესენი ხმარობენ“,- ამბობს თემურ ჭყონია.

Businesspartner