ბიზნესი
17/01/2021

წარმოების საქართველოში გადმოტანის სირთულეები არ გვაშინებს - ზვიად ციკოლია

წარმოების საქართველოში გადმოტანა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა მე და ჩემს გუნდს მსგავსი სირთულეები არასოდეს გვაშინებდა და არც ახლა გვაშინებს, - ზვიად ციკოლიამ საქართველოში წარმოების გადმოტანის დეტალებზე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრა.

ცნობილი დიზაინერი ამბობს, რომ Tsikolia-ს ბრენდის საქართველოში გადმოტანა ქვეყანაში წარმოების კულტურის სხვა დონეზე აყვანას ემსახურება. 

"ღვინის წარმოების, სამზარეულო კულტურით საქართველო მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ საათების წარმოების სფეროში მსოფლიოში ცნობილი ნამდვილად არ არის. ეს საქმე მაღალ პრეცეზიასთან, სიზუსტესთან არის დაკავშირებული და რადიკალურად განსხვავებული წარმოების კულტურაა. აქ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა დეტალებს და გავლენას ახდენს იმ გუნდზეც, რომელიც მასზე იწყებს მუშაობას. ჩვენს გუნდს სრულიად სხვაგვარი მიდგომა აქვს და სწორედ ამიტომ გამოირჩევა სხვა ბრენდებისგან. ჩვენ ამ საქმეს საქართველოში სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ და ეს გამოწვევაა, თუმცა გპირდებით, როგორც კი საქართველოში დაიწყება საათების წარმოება, ის ტოლს არ დაუდებს შვეიცარიაში წარმოებულ საათებს, თუ არ გადაასწრებს კიდეც," - განაცხადა ციკოლიამ. 

Tsikolia-ს წარმოების გადმოტანას დიზაინერი პირადი ფინანსებით იგეგმება და სხვა ინვესტორები მასში არ მონაწილეობენ. წარმოებაში კი პირველ ეტაპზე 70-80 ადამიანი დასაქმდება. წარმოება მოიცავს საათების, სუვენირების და საიუველირო ნაწარმის დამზადებას, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ავიაციას დაეთმობა. 

"არცერთი ჩემი ბიზნესი სხვისი ინვესტიციით არ დაწყებულა, ყველა მათგანი დაიწყო პირდაპირშ ეკვეთით, კომპიუტერული რენდერები ვაჩვენე და ინვესტორმა თქვა რომ წინასწარ გადაიხადა და ესე დაიწყო ბიზნესი, შემდეგ ამას მოყვა თავდაცვის სამინისტროს და აქედან მიღებული თანხით ვავითარებდი მას", - განმარტავს ზვიად ციკოლია. 

რაც შეეხება, ტექნოლოგიებს, ციკოლია ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიური პროცესის მოგვარება პრობლემა არ არის და შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი მწარმოებელი ქვეყნიდან შეიძლება დანადგარების შემოტანა, თუმცა მთავარია ვინ და როგორ იმუშავებს ამ დანადგარებთან, ანუ პრობლემა კადრების დეფიციტია.

კადრების გადამზადება მსოფლიოს წამყვან სკოლებში იგეგმება.

 

 

 

Businesspartner