ბიზნესი
22/06/2022

წელიწადში 18 მილიონი ბოთლი – დასალევი ხილ-ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი" წარმოებას ზრდის

დასალევი ხილ-ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი" წარმოებას წელიწადში 18 მილიონი ბოთლამდე გაზრდის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ახალაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, წარმოების გაფართოებისთვის ახალი ჩამომსხმელი ხაზი უკვე შეძენილი აქვთ და პროექტში 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

"ამ ეტაპზე ველოდებით დანადგარის ჩამოსვლას, რომლის საშუალებითაც წლიურად 18 მილიონი ბოთლის ჩამოსხმას შევძლებთ, რაც უამრავ შესაძლებლობას აჩენს და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლაში დაგვეხმარება, ამასთან როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოთხოვნასაც დავაკმაყოფილებთ, მათ შორის ამერიკის, ბრიტანეთის, ყატარის და ყველა იმ ბაზრების, სადაც აქამდე ექსპორტს ვახორციელებდით.

დასალევ ხილ-ბოსტნეულზე მოთხოვნა დიდია და შეიძლება ითქვას ვერ ვახერხებთ ბაზრების მომარაგებას. ვცდილობთ ბრიტანეთს მივაწოდოთ მარაგები და ასევე საქართველოს ბაზრისთვისაც გადავინახოთ კონკრეტული რაოდენობა. ამიტომ ერთ–ერთი მთავარი მიზანი სწორედ ტექნოლოგიური განვითარებაა. ახალ დანადგარს რამდენიმე სახის ჩამოსხმა ექნება, დასალევი ხილ–ბოსტნეულის 300 მლ–იანი ხაზი 330მლ–იანით ჩანაცვლდება, 500 მლ–იან ბოთლებში საწებლების ჩამოსხმას ვგეგმავთ, ხოლო 1 ლიტრიან შეფუთვაში წვენების."–აცხადებს გიორგი ახალაძე.

ინფორმაციისთვის, დასალევი ხილ-ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი" გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში "
"ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება, რომელიც თავის მხრივ წელიწადში 500-1000 ტონა ხილის გადაამუშავებს.

"კეთილი და პატიოსანი", შაქრისა და მავნე დანამატების გარეშე მზადდება. პროდუქცია წაროდგენილია დიდ ქსელურ მარკეტებში, როგორიცაა გუდვილი, აგროჰაბი, ფრესკო, კარფური, ნიკორა, სპარი, ევროპროდუქტი და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე.

Businesspartner