ბიზნესი
04/01/2021

"წერტის" ახალ მაღაზიაში კაფე და რძის საწარმო გაიხსნება

მაღაზია "წერტის" პროდუქციის შეძენა თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზეა შესაძლებელი. გასული წლის ბოლოს, პანდემიის მიუხედავად, "წერტი" გაფართოვდა და მეორე ფილიალი ყაზბეგის გამზირზე #15-ში გაიხსნა.

„წერტის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილის თქმით, მეორე მაღაზიის გახსნა ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება იყო კომპანიისთვის, რასაც წინ უძღოდა ბევრი ფაქტორი, მომხმარებლის დამოკიდებულება, პოპულარობის გაზრდა და ა.შ. ახალი ფილიალის ერთ–ერთი განმასხვავებელი ნიშანი კაფე და რძის საწარმოა.

“წერტის“ მეორე მაღაზიაში რძის პროდუქტების წარმოება მოხდება, პროცესი გამჭირვალე იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ჩვენი საქმიანაობა დაკავშირებულია ფერმერულ მეურნეობებთან. გვყავს ფერმერები, რომელსაც ვემსახურებით საკვებით და სხვადასხვა სერვისით, სწორედ მათგან ვიღებთ ნედლ რძესაც. ძირითადად ვთანამშრომლობთ ახმეტაში მდებარე საწარმოსთან, რომელიც რამდენიმე წელია ჩვენი პარტნიორია. „წერტში“ დამზადდება და გაიყიდება სულგუნი, იმერული ყველი, რძე და ა.შ. რაც შეეხება კაფის გახსნას, ყველაფერი მზად არის სტუმრების მისაღებად, უბრალოდ დამოკიდებული ვართ პანდემიურ სიტუაციაზე. ასევე გვინდა, მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდეს აარჩიოს სასურველი პროდუქტი, მაგალითად, სტეიკის ნაჭერი, იქვე დაამზადებინოს და მიირთვას,“– აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700 ათასი ლარი იყო, რომელიც საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ფულადი რესურსის მოზიდვით, განხორციელდა.

ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების პირველი მაღაზია "წერტი" კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წლის ზაფხულში გახსნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები