ბიზნესი
08/01/2021

წინასაახალწლოდ შეზღუდვების დროებითმა მოხსნამ ვაჭრობა გააქტიურა

სავაჭრო მოლების დროებითმა გახსნამ და წინასაახალწლოდ შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა უნაღდო ხარჯვები გაზარადა.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, განსაკუთრებით გაუმჯობესდა დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, ასევე სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და ელექტრონიკაზე.

უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი (სურსათის და ფარმაციის გარდა კატეგორიებში) 24-31 დეკემბრის პერიოდში 10%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპს სურსათსა და ფარმაციაზე, თიბისი კაპიტალის მიხედვით, კვლავ მაღალ დონეს ინარჩუნებს, თუმცა გასული კვირის დონესთან შედარებით მცირედით შემცირდა და 43% შეადგინა.

ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპმა 24-31 დეკემბრის პერიოდში წლიურად -3% შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით (-82%) მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

გართობასა და ფიტნესზე დანახარჯები კვლავ მკვეთრად შემცირებულია, 24-31 დეკემბრის პერიოდში ცვლილებამ წ/წ -85% და წ/წ -98% შეადგინა, შესაბამისად.

ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მკვეთრად გაიზარდა, ცვლილებამ 24-31 დეკემბრის პერიოდში წ/წ +53% შეადგინა; სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილება წ/წ +65% შეადგინა; ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა, წლიურმა ცვლილებამ +13% შეადგინა.

 

Businesspartner