ბიზნესი
14/09/2021

წყალტუბოს გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ, ოქტომბერში ექნება

წყალტუბოს გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ექნება.

კონცეფციაზე მომუშავე, კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინის“ ხელმძღვანელი მიხეილ ბალიაშვილი „ბიზნესპარტნორთან“ განმარტავს, რომ კომპანიამ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა, იყო საჯარო განხილვებიც და ახლა, მიღებული კომენტარების  გათვალისწინების პროცესი მიმდინარეობს.

„ჩვენ წარვუდგინეთ დასრულებული ვერსია ჩვენს დამკვეთს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თავის მხრივ უწყებამ გადასცა საჯარო განხილვისთის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. საჯარო განხილვა სწორედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოხდა.

17 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ კომენტარების გათვალისწინება, გადავცემთ კომენტარების შედეგად შეცვლილ დოკუმენტაციას, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ამ კომენტარებზე პასუხებს. უკვე ამის შემდეგ დაველოდებით უწყებიდან მიღებაზე პასუხს.

თეორიულად, დოკუმენტაციის მიღებას კი 10 სამუშაო დღე სჭირდება, ოქტომბრის პირველ კვირაში უნდა დასრულდეს,“ - აცხადებს ბალიაშვილი.

როგორც ცნობილია, გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან როგორც სამინისტროში აცხადებდნენ,  მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოაჩინა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებსა და შენობებს კვლავაც საპრივატიზაციოდ ამზადებს. როდის გამოიტანენ ობიექტებს გასასხვისებლად ეს ჯერჯერობით უცნობია.

"გენერალური განვითარების საკმაოდ საინტერესო გეგმა დაიდო. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სახელწიფო სანატორიუმებსა და შენობებს საპრივატიზაციოდ. საკმაოდ მიმზიდველია ეს ბიზნესისთცის. გეგმაზომიერად ხდება დევნილთა განსახლება. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ საპრივატიზაციოდ გამოვიტანოთ იქ არსებული შენობები სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებით. ბატონმა ბიძინამ მისცა ძალიან დიდი სტიმული ამ კურორტის განვითარებას",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

Businesspartner