ბიზნესი
25/09/2020

თუ ლარი არ დასტაბილურდა, მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს - ასოციაცია

ლარის ბოლო დროინდელმა გაუფასურებამ პრობლემები არაერთ სექტორს შეუქმნა. მათ შორისაა, ფარმაცევტული ინდუსტრიაც. განიხილება თუ არა შექმნილ სიტუაციაში ფასების გადახედვა და რა მოლოდინები არსებობს ამ კუთხით, „ბიზნესპარტნიორს“  “ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ესაუბრა.

მისი განცხადებით, მედიკამენტების სარეალიზაციო ფასი ლარის კურსზეა დამოკიდებულა, რადგან ქვეყანაში ძირითადად იმპორტირებული მედიკამენტებია. შესაბამისად, ფასების გადახედვაზე საუბარი ბუნებრივია.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, დისტრიბუტორების უმეტესი ნაწილი ცდილობს, არ გაძირდეს მედიკამენტები და ამის დაბალანსებას მოგების მარჟის შემცირებით ახდენს.

“ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, მოგების შემცირებასაც თავისი რესურსი აქვს და ეს უსასრულოდ ვერ მოხდება.

„რაც შეეხება მედიკამენტების მომწოდებლების  მხრიდან ფასების ცვლილებას, ეს პროცესები სულ მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ წელს ზოგიერთი მომწოდებლის ფასი შემცირდა კიდეც, რადგან მოსახლეობის მხრიდან მსყიდველობითუნარიანობა დევალვაციის გამო შემცირდა. მყისიერი პასუხი მედიკამენტების ფასზე მწარმოებლების მხრიდან ვერ მოხდება. ეს მარტივი პროცესი არ არის. ბევრი ქვეყნისთვის მედიკამენტები მზადდება გარკვეული მარაგებით, გარკვეული ფასის გათვალისწინებით,“ - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თუ ლარის კურსმა სტაბილიზაცია არ განიცადა, ფასები შედარებით მოიმატებს. თუმცა, დადებითია ის, რომ ფასების მომატება მკვეთრად ჩამორჩება დევალვაციას.

„ზოგიერთი მედიკამენტი შემოტანილია 5-7 თვის, ზოგიერთი 3-4 თვის მარაგით. ზოგ შემთხვევაში გადახდა ხდება წინასწარ, ხოლო რიგ შემთხვევაში რეალიზაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, განსხვავებული კურსით. აქედან გამომდინარე, რაიმე პიკური კურსი, რომლის დასახელებაც შესაძლებელი იქნება, რთულია“ - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების გადახედვა უკვე დღის წესრიგშია. უბრალოდ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამის ასახვა ზოგიერთ კომპანიაში უფრო მალე ხდება, ზოგიერთში შედარებით მოგვიანებით.

„2008 წლიდან დღემდე დევალვაცია თითქმის 100%-იანია, თუმცა, წამლებზე ფასების ზრდა ამ დოზით არ ყოფილა. მწარმოებლები და მომწოდებლები მუშაობენ ერთმანეთთან, რომ პაციენტი წამლის გარეშე არ დარჩეს,“ - აცხადებს მარგველაშვილი.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტის ფასში შედის სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტის, რომელიც  კარანტინის და შეზღუდული მიმოსვლის დროს, გაიზარდა. ეს კი თავისთავად, მედიკამენტების ღირებულებაზე აისახა.

„ლოგისტიკური პრობლემები კომპანიებს არ აქვთ, თუმცა ევროპაშიც ძალიან შეზღუდულია საქართველოში გამოგზავნის საშუალებები. შეზღუდულია კი ნიშნავს იმას, რომ ძვირდება,“ - აცხადებს მარგველაშვილი.  

მისივე განცხადებით, წლის დასაწყისიდან დღემდე  მედიკამენტებზე ფასები თითქმის არ შეცვლილა.

„ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული 16 მსხვილი კომპანიააა და მათი პროდუქციის ფასების მომატება წლის დასაწყისიდან დღემდე 5-12%-მდე შეიძლება მერყეობდეს,“ - აცხადებს მარგველაშვილი. მისი ინფორმაციით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

 

 

Businesspartner