ბიზნესი
10/08/2020

თურქული კაფე-რესტორანი MADO შესაძლოა საქართველოს ბაზრიდან გავიდეს

თურქული კაფე-რესტორანი  MADO  შესაძლოა საქართველოს ბაზრიდან გავიდეს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მფლობელმა აჰმეთ ჰაითაოღლუმ განუცხადა. მისი განცხადებით, კომპანია თბილისში ორი ობიექტით იყო წარმოდგენილი (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ და პუშკინის ქუჩა),თუმცა, დღეს პანდემიის შედეგად მხოლოდ ერთი ფილიალი აგრძელებს მუშაობას.

ჰაითაოღლუ განმარტავს, რომ შემცირებული შემოსავლების და დაბალი აქტივობის გამო კომპანიას პუშკინის ქუჩაზე არსებული ფილიალის დახურვა მოუწია. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კაფე-რესტორნის ძირითადი სტუმარი და მომხმარებელი ტურისტები იყვნენ, საგრძნობლადაა შემცირებული  აქტივობა სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მდებარე ფილიალშიც.

„დავაკვირდები სიტუაციას და შესაბამისად ვიმოქმედებ.  მინდა რომ შევინარჩუნო   „გალერიაში“ არსებული ობიექტი და ასევე განვაახლო მუშაობა პუშკინზეც, თუმცა, ვნახოთ. თუ ბიზნესში გარკვეული მოგება არ არის და აქტიურობა დაბალია, რთულია მუშაობა, წაგებაზე ვერ ვიმუშავებ. მაშინ გონივრული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ დავტოვო საქართველოს ბაზარი. შესაძლოა განვიხილო წილის გაყიდვაც“-აცხადებს ჰაითაოღლუ.

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ  MADO aმსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს და პანდემია გლობალური პრობლემაა, როგორი სიტუაცია საქართველოს გარდა  სხვა ბაზრებზე, ჰაითაოღლუ აცხადებს, რომ შემოსავლების ნაწილში ბევრად  არასახარბიელო მდგომარეობა საქართველოშია, ეს კი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობით შეიძლება აიხსნას.

„მსგავსი პრობლემები სხვაგანაც არის, თუმცა, საქართველოს მასშტაბის არა. ამას ემატება დაკეტილი საზღვრები, ტურისტების ნაკადი  თითქმის არ არის. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობაც მძიმეა“-აცხადებს ჰაითაოღლუ.

MADO საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან შემოვიდა.კომპანია ევროპის ბევრ ქვეყანაში 300 ფრენჩაიზინგ კაფითაა წარმოდგენილი.ნაყინის გარდა, MADO ქართველ მომხმარებელს სხვა მრავალ ნატურალურ პროდუქტსაც სთავაზობს. მათ შორის წვენებს. ლიმონათებს, თურქულ ტკბილეულს და ევროპულ კერძებს.MADO-ში წარმოდგენილი კერძები ადგილობრივად მზადდება. ნაყინი კი თურქეთიდან შემოდის, რადგან მის დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგიას ბრენდის ცენტრალური საწარმო ფლობს.

კაფე-რესტორნის გახსნისთვის საქართველოში თურქული ჯგუფი იყო ჩამოსული. მათ შეასწავლეს ქართველებს კერძების დამზადების ტექნოლოგია. ქართველი თანამშრომლები ანკარაშიც  სპეციალურ ტრეინინგზეც იყვნენ.

2017 წელს MADO-ს ადგილობრივი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ იგეგმებოდა ქსელის გაფართოება. მათ შორის, მოკლევადიან სტრატეგიაში იყო საქართველოს მასშტაბით 5 კაფე-რესტორნის გახნა. მათ შორის ობიექტი უნდა გახსნილიყო ბათუმშიც.

 

Businesspartner