ბიზნესი
06/10/2021

თურნავა: ანაკლია მთავრობისთვის პრიორიტეტულად რჩება, ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობაზე კიდევ ერთხელ აცხადებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული ეკონომიკის მინისტრმა სტამბოლში ტრანკასპიური ოთხმხრივ მინისტერიალზე განმარტა, რომ იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, რომელიც რჩება პრიორიტეტულ პროექტად საქართველოს მთავრობისთვის. აღსანიშნავია Pace და ფოთის პორტის გაფართოება. ასევე, ჩვენს დღის წესრიგშია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება კერძო ინვესტორების მოზიდვის გზით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პორტის ინვესტორ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაუწყვიტა. მიზეზად 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა.  კერძოდ, ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ასევე ვერ წარმოადგინა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულებები.

ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ ანაკლიის კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს. მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

მოგვიანებით ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორების მოძიებამდე პროექტის ეკონომიკური დასაბუთების განახლების საჭიროებაზე განაცხადა, 2021 წლის მაისში კი გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.). კონტრაქტის შესაბამისად, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს ახალი მარკეტინგის სტრატეგია და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელი, აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები არ გაჟღერებულა. თუმცა მაშინვე აღინიშნა, რომ ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება 2021 წლის ბოლოს.

 

Businesspartner