ბიზნესი
15/05/2021

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ATC ახალ პროექტებზე მუშაობს

პანდემიით გამოწვეული დანაკარგების მიუხედავად თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ATC ახალ პროექტებზე მუშაობს. გასულ წელს კომპანიამ საწარმოში დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ახალი დანადგარები შეიძინა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საწარმოს ფინანსური დირექტორი, მიშა ბეგიაშვილი განმარტავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალი კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებითაც. 

„2021 წელს ჩვენ დავიწყეთ 3 ახალი პროექტი, რაც გულისხმობს ახალი ტიპის ნაწილების წარმოებას. არა მხოლოდ კომპოზიტური, არამედ მეტალის ნაწილების წარმოებასაც. ეს არის თვითმფრინავების ტექნიკური კარების წარმოება, რაც საკმაოდ რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს. ამჟამად კვლევებისა და წარმოების ეტაპზე ვართ და წლის ბოლოს დაიწყება ახალი ტიპის ნაწილების წარმოება. დღეისთვის ახალ პროექტებზე ვმუშაობთ. რეალურად, ძალიან ახლოს ვართ, რომ კონტრაქტები მოვიზიდოთ. ახალი პროექტები 2022 წლიდან დაიწყება. საკმაოდ გაამრავალფეროვნებს ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციას. ასევე, ტექნოლოგიურადაც უფრო ახალი თაობის ნაწილების წარმოება იგეგმება“,- აღნიშნა ბეგიაშვილმა.

პანდემიამ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ATC-ის გაყიდვების მაჩვენებელი 35%-ით შეუმცირა. კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ 2023 წლიდან ავიამშენებლობა განვითარების ტემპს მიუბრუნდება და ამ მიმართულებიტ დიდი ზრდა იქნება.

Businesspartner