ფოტო: Scroll
ბიზნესი
09/09/2021

უკრაინის შემდეგ, Scroll-ი აზერბაიჯანისა და კვიპროსის ბაზარზე შესვლას გეგმავს

თითქმის 1 წლიანი ოპერირების შემდეგ, Scroll-ი უკრაინის ბაზარზე, ბაზრის მოცულობის მიხედვით, კონკურენტებს შორის მეორე ადგილზეა. კვარტლიდან კვარტალში მოთხოვნა და სკუტერების რაოდენობა დაახლოებით 25%-30%-ით იზრდება, რასაც კომპანიაში უკრაინაში კოვიდ შეზღუდვების არარსებობას უკავშირებენ.

როგორც Scroll-ის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, დანიელ დოინიცინმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მომავალი წლის გაზაფხულიდან, აღნიშნულ ბაზარზე, კომპანია მოპედების შეყვანასაც განიხილავს. კომპანიის სამომავლო გეგმებში ოპერირების აზერბაიჯანსა და კვიპროსში დაწყებაც შედის.

რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა საქართველოში. როგორც კომპანიაში ამბობენ, კოვიდ შემთხვევების მატებისა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ფონზე, ივლისი-აგვისტოს პერიოდში, დედაქალაქში Scroll-ის სკუტერებზე მოთხოვნა განახევრდა.

„უკრაინა საკმაოდ მზარდი ბაზარი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ბევრი კომპანია ცდილობს შევიდეს. ტექნოლოგიებიც საკმაოდ განვითარებულია. იქ ახლა ბაზარზე სიდიდით მეორე ვართ კონკურენტებთან მიმართებაში. უკრაინაში, კერძოდ კიევში არ ყოფილა არანაირი კოვიდ შეზღუდვა, შესაბამისად, ხალხი ურბანული გარემოდან არ გასულა და ეს მოხმარებაზე არ ასახულა, რასაც ვერ ვიტყოდი თბილისზე, სადაც ტრანსპორტიც შეიზღუდა, ბევრი კოვიდ ქეისი იყო და ხალხი ივლისი-აგვისტოს პერიოდში პრაქტიკულად ქალაქში არ ყოფილა,“ - ამბობს დანიელ დოინიცინი.

ამასთან, უკრანის ბაზარზე მოპედების შესაყვანად ბაზრის მოკვლევა მიმდინარეობს. შესაძლებელია, რომ შემდეგი წლის გაზაფხულიდან კომპანიამ ელექტრომოპედებით ოპერირება უკრაინაშიც დაიწყოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები