ბიზნესი
09/09/2021

"ვაკის ხორცპროდუქტებმა" საფირმო მაღაზიების გაფართოება გადადო

პანდემიამ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას „ვაკის ხორცპროდუქტები“ საფირმო მაღაზიების გაფართოების გეგმა დაუპაუზა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩხაიძემ განუცხადა, 2021 წლის დასაწყისიდან დაგეგმილი იყო რეგიონებში გასვლა, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა რეინვესტირების საშუალებას.

„როგორც კი სიტუაცია გაუმჯობესდება, კომპანია დაუბრუნდება აღნიშნული გეგმის განხორციელებას,“ - აცხადებს ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია საფირმო მაღაზიების მხრივ მხოლოდ თბილისში, 9 ობიექტითაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება პროდუქციას და რეალიზაციას, როგორც ჩხაიძე აცხადებს, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 2019 წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. დღეს კომპანია 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტებს აწარმოებს.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ „ვაკის ხორცპროდუქტების“ ქარხანა მთლიანად გაანადგურა. დაიტბორა საწარმოს ტერიტორია, გაფუჭდა პროდუქციაც. ზარალის სავარაუდო ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. 

„ვაკის ხორცპროდუქტებმა" წარმოება სტიქიიდან დაახლოებით ერთ თვეში განაახლა. კომპანია პროდუქტს შეზღუდული რაოდენობით, ლილოში, „იოლის ქარხანაში" აწარმოებდა. 2019 წლიდან კი კომპანია პროდუქციას გლდანში მდებარე ახალ საწარმოში აწარმოებს.

 

Businesspartner