ბიზნესი
25/08/2021

ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის ტენდერიდან "სმარტ სოლუშენსი" დისკვალიფიცირდა

ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის ₾10.925 მლნ-იანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებით დაინტერესებული ერთდაერთი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.

მიზეზი, როგორც სატენდერო კომისიის ოქმშია მითითებული, კომპანიამ ტექნიკური დოკუმენტაცია არ წარადგინა.

"სმარტ სოლუშენსი" მზად იყო სამუშაოები 10.749 მლნ ლარად შეესრულებინა, თუმცა სატენდერო განაცხადში ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხა არ შეესაბამებოდა ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ფასს (10.925 მლნ ლარი).

სატენდერო კომისიამ კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად და დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად 3-დღიანი ვადა მისცა. როგორც აღმოჩნდა "სმარტ სოლუშენსმა" დოკუმენტაცია არ წარადგინა.

როგორც თბილისის მერიაში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, პრეტენდენტმა კომპანიამ  ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ტენდერი ბაზრის კვლევის საფუძველზე ახლო მომავალში თავიდან გამოცხადდება.

 

Businesspartner